სასამართლომ ე.წ. „სასახლის ღობის საქმეზე“ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის დაკითხვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მეორე დღეა ბრალდებულები სასამართლოს ერთობლივად მიმართავენ და მთავრობის მეთაურის გამოკითხვას ითხოვენ, დღეს კი ამ მოთხოვნით განცხადება მეხუთე ჯგუფის ბრალდებულებმა გააკეთეს.
მოსამართლის განმარტებით, კობახიძის მოწმედ დაკითხვა ადვოკატებს მოწმეთა ნუსხის დამტკიცების ეტაპზე უნდა მოეთხოვათ და მოთხოვნა ამ ეტაპზე პროცედურულად დაგვიანებულია. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას დაუსაბუთებლად აფასებს. სასამართლოს პოზიციას იზიარებს სახელმწიფო ბრალდება – პროკურორის განცხადებით, პოლიტიკური განცხადებების საფუძველზე “ოცნების” პრემიერის მოწმის სტატუსით გამოკითხვა არასერიოზულია და საქმის არსებით განხილვას არ ემსახურება.














