4 ოქტომბრის 14-პირიან საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი გიორგი თათარაშვილი დაიკითხა.
tv pirveli-ის ინფორმაციით, თათარაშვილი ამბობს, რომ ის დილის 9 საათიდან ათონელის რეზიდენციაში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. საღამოს 7 საათიდან კი, მისი თქმით, ვითარება დაიძაბა – სასახლესთან შეკრებილი ხალხი ეჯაჯგურებოდა კარებს.
როგორც მან აღნიშნა, ამ მოვლენებამდე ჭიშკარი რკინის შველერებით გაამაგრეს.
„მომიტინგეები გვლანძღავდნენ, გვაგინებდნენ… ვის მხარეს ხართ, ვის იცავთ, გადმოდით ჩვენ მხარეს, სასახლის გასაღები გადმოგვეცით“, – თქვა მან.
მისი თქმით, ძალიან მალევე მოხდა ღობის გადმოვარდნა. მისივე თქმით, მიიღო დაზიანებაც, თუმცა სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.
მან პროცესზე რამდენჯერმე დაადასტურა, რომ ღობის პირველ ფრაგმენტს რამდენიმე ადამიანი მიაწვა და ის ძალიან მალე გადმოინგრა, წუთამდე.
„იმ მომენტში რამდენიმე ადამიანი იყო, რომელიც უშუალოდ მიაწვა ღობეს და ძალიან მალე გადმოაგდეს ღობე… როგორც კი გადმოანგრიეს ღობე, მაგ მომენტში დავდექით წინ“, – აღნიშნა მან.
მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს საქმეზე ბრალდებული სხვა პირები – ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა მოუწოდებდნენ – „შეტევისკენ უბიძგებდნენ“.
„როდესაც აქციის მონაწილეები მოდიან და თავზე მამხობენ ღობეს, ეს ჩემთვის შეურაცხყოფაა“, – დასძინა მან.


















