ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დე ფაქტო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, “ოცნების” ხელისუფლებას უმოქმედოაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ქართულ მხარეს უკვე უნდა გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით განცხადებები და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც მიემართა, თუმცა ასე არ მოხდა.
ნანუაშვილის თქმით, დე ფაქტო რეჟიმის ბრალდება, თითქოს მეარაყიშვილი ჯაშუშობდა, აბსურდულია, რადგან აქტივისტი ერთნაირად აკრიტიკებდა როგორც დე ფაქტო რეჟიმს, ისე “ოცნების” ხელისუფლებას.
სახელმწიფო უნდა ყოფილიყო, პირველ რიგში, ის, რომელიც საზოგადოებას ამცნობდა ამის შესახებ, უკვე იქნებოდა განცხადებები გაკეთებული, საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართული და უკვე ხმამაღლა უნდა საუბრობდეს ქართველი აქტივისტის უფლებების შელახვის შესახებ. ჩვენ აქამდე ვერ მოვისმინეთ რაიმე მსგავსი განცხადება. ვნახეთ, რომ ყელში ამოუვიდა საოკუპაციო რეჟიმს ის კრიტიკა, რომელი გაისმის რეგიონში განსაკუთღებით ახლა და მითუმეტეს, ცოტა სასაცილოა, თამარს შეედავო ჯაშუშბაზე, როდესაც ის ასევე აკრიტიკებს ქართულ ხელისუფლებას, ქართულ მხარეს იმ გულგრილობის გამო, არაეფექტური პოლიტიკის გამო, რომელსაც ის ახორციელებს კონკრეტულად ცხინვალთან დაკავშირებით და ახალგორელთა უფლებების დაცვის კუთხით, რომ რეალურად არანაირი ნაბიჯები არ გადადგმულა, – ამბობს უჩა ნანუაშვილი.
ოკუპირებულ ცხინვალში ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამილა მეარაყიშვილი დააკავეს. განცხადება დეფაქტო რეჟიმის პროკურტურამ გვიან ღამით გაავრცელა. ახალგორელ აქტივისტს ჯაშუშობას ედავებიან და მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დაკავებამდე ერთი დღით ადრე მეარაყიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ წლების განმავლობაში ეზღუდებოდა ფუნდამენტური უფლებები – არ აძლევდნენ პასპორტს, არ გასცემდნენ საშვს მის შვილზე და არ მისცემდნენ მუშაობის საშუალებას. აქტივისტი ადგილობრივ დე ფაქტო ხელისუფლებას პირად შეხვედრას სთხოვდა და აფრთხილებდა, რომ უარის შემთხვევაში მოედანზე ერთკაციან საპროტესტო აქციას მოაწყობდა.
ამავე ვიდეოში მეარაყიშვილი პირდაპირ საუბრობდა დე ფაქტო რეჟიმის შიგნით არსებულ სისტემურ პრობლემებზე, უთანასწორო მოპყრობაზე და შესაძლო კორუფციულ პრაქტიკებზე, რითაც, მისი თქმით, „ხელისუფლების განუკითხაობას ამხელდა“.


















