ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სარფი“ დიდი ოდენობით უხარისხო და საშიში პროდუქტის შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. მებაჟე-ოფიცრებმა უცხო ქვეყნიდან შემოტანილი, 8 200 კილოგრამი პომიდორით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეაჩერეს.
უწყების ცნობით, სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების ფარგლებში, პასუხისმგებელმა ფიტოსანიტარმა საქონლის დათვალიერებისას პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმის არსებობა დააფიქსირა:
„საქონლის დათვალიერებისას, პომიდორზე საკარანტინო მავნე ორგანიზმისთვის დამახასიათებელი კვალი გამოვლინდა. საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, — აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
დაავადებული ტვირთი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოუშვეს და ის სრულად იქნა უკან გაბრუნებული.
















