19.8 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

სარფის საბაჟოზე შენიღბულად შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერება: სასამართლომ უცხოელებს 10 და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, გასაღების, ასევე საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. ავტომანქანის მძღოლმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე შენიღბული გზით შემოიტანა ჰექსოგენის შემცველი ფეთქებადი ნივთიერება, რომელიც წარმოადგენს ძლიერმოქმედ მასალას და ვარგისია გამოსაყენებლად. აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერება მძღოლმა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეს გადასცა, რა დროსაც სამართალდამცავებმა ორივე პირი დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული თავის დროებით საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინს“.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში — ერთ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით, ხოლო მეორეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში ქართული მთის ლუდის ტრადიციების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი იქმნება
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: 30 ათასამდე ადამიანი ფიქტიურად იყო დასაქმებული- პრემიერი დასაქმებულთა რაოდენობის შემცირების მიზეზს განმარტავს