სარფის საბაჟოზე ირანის ორი მოქალაქეს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს და უკანვე თურქეთში გააბრუნეს

სარფის საბაჟოზე ირანის ორი მოქალაქეს, რომელთაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდათ, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს და უკანვე თურქეთში გააბრუნეს. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის აჭარაში საეჭვო კლინიკური ნიშნით არავინ იმყოფება, სამედიცინო პერსონალი კი სარფის საბაჟოსა და აეროპორტში მგზავრებს ინტენსიურად ამოწმებენ.

„ამ ეტაპზე არ გვყავს საეჭვო კლინიკური ნიშნით არც ერთი პაციენტი აჭარაში. ამ შემთხვევის გამოვლენა პრინციპში პროგნოზირებული იყო და ველოდებოდით, რომ ამხელა მასშტაბური ინფექციის გამოვლენიდან რაღაც ეტაპზე, საქართველოშიც დაფიქსირდებოდა. ზომებზე სტრატეგიას ქმნის ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ჩვენი სამოქმედო გეგმაც არის იდენტური. ხვალ იგეგმება სამუშაო შეხვედრები. რაც შეეხება გამოვლენილ ფაქტთან დაკავშირებით უკვე გვქონდა შეხვედრა აჭარის მთავრობაში და გავიარეთ ყველა საჭირო ღონისძიებები, რაც შეიძლება უახლოეს პერიოდში დაიგეგმოს. რაც შეეხება საზღვარს, მგზავრთა სკრინინგი ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც აეროპორტში, ისევე სარფში. სამედიცინო პერსონალი ყველა საეჭვო ჩივილებით მგზავრებს ამოწმებს. თუ გამოვლინდება საეჭვო შემთხვევა, მისი გადაყვანა მოხდება ინფექციურ საავადმყოფოში. რამდენიმე პირს ჰქონდა გადმოსვლის მცდელობა, თუმცა ისინი უკანვე გააბრუნეს. როგორც ვიცი, ირანის ორი მოქალაქე იყო მათ 37,5 სიცხე ჰქონდათ. ჩვენს ზონაში არც ერთი საეჭვო პირი არ მოხვედრილა“, – განაცხადა ნიჟარაძემ.

banner
წინა სტატიაში“TV პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსად ნინო ჟიჟილაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიაფოთის ევექსის ჰოსპიტალიდან 18 წლის გოგონა თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაჰყავთ