სარჯველაძე – სააკაშვილს არ აქვს სამართალზე მაღლა დადგომის უფლება და პრივილეგია, მაგრამ ის არ შეიძლება იდგეს სამართალზე ქვემოთ – ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება

„მიხეილ სააკაშვილი თუ არის განსაკუთრებული პატიმარი, ამის გამო მოთხოვნა რომ დგება, რომ განსაკუთრებული პრივილეგიებით იყოს ის აღჭურვილი, ეს აბსოლუტურად არასწორია. ეს ნიშნავს იმას, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს სამართალზე მაღლა დადგომის უფლება და პრივილეგია, მაგრამ ის არ შეიძლება იდგეს სამართალზე ქვემოთ და ამას უზრუნველყოფს ხელისუფლება“,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე მიმდინარე მართლმსაჯულების ფარგლებში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საპატიმრო უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს გამოეხმაურა.

„პროცესზე უშუალო მონაწილეობასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში. მინდა ვთქვა, რომ არავის აქვს უფლება, თქვას, რომ სააკაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება არ ეძლევა. ეს შესაძლებლობა მას აქვს, მსგავსად ათი ათასობით პატიმრისა, რომელმაც ამ პერიოდის განმავლობაში სწორედ დისტანციური, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიიღო მონაწილეობა უშუალოდ პროცესში და სწორედ ამ გზით ჩატარებულია და ორმოცი ათასზე მეტი სასამართლო სხდომა, სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბოლო, დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში. მინდა, დავარწმუნო უკლებლივ ყველა, რომ რამდენადაც ამის შესაძლებლობა იარსებებს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უსაფრთხოების ფაქტორების მხედველობაში მიღებით, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მისი სურვილებიც, საპროცესო უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით, ვიმეორებ – რამდენადაც ამის შესაძლებლობას შეიძლება იძლეოდეს მოქმედი სამართლებრივი ნორმები და რეალური სიტუაცია, მაგრამ ხელისუფლება არავის მისცემს შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი აქციოს საკუთარი ბნელი ზრახვების განხორციელების მექანიზმად და საშუალებად. შიმშილობა და სააკაშვილის საპატიმრო უფლებების თემაზეც მინდა, ვისაუბრ – უმჯობესია, გადავიდეთ რეალურ, საგნობრივ განხილვაზე საკითხების – ოპოზიციას მივმართავ, ნაცვლად იმისა, რომ დაუკონკრეტებლად და დაუსაბუთებლად ხდებოდეს არაგონივრული გადაწყვეტის პრომოუტირება. არაგონივრულია ახლა, ამ ვითარებაში, კერძო კლინიკაში სააკაშვილის გადაყვანა გამოცხადდეს თვითმიზნად თუკი და როდესაც ამის კონკრეტული აუცილებლობა დღის წესრიგში არ დგას. აუცილებლობა გაჩნდება და იარსებებს, თუკი იარსებებს ურგენტულად ისეთ სამედიცინო მანიპულაციის განხორციელების საჭიროება, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს პენიტენციური სამსახური. სხვა შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მხოლოდ პოლიტიკური მიზანშეწონილობის მოტივით და მხოლოდ ამ პრიზმაში ეს საკითხი განხილული არ და ვერ იქნება და არც უნდა იყოს ასე. თუკი ასეთი აუცილებლობა გაჩნდება, დიახ, პენიტენციური სამსახური მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. არავინ არის განწყობილი საიმისოდ, რომ ჯანმრთელობის დაცვის რისკები არ იყოს პრიორიტეტული. მართლაც უცნაური ვითარებაა, ოპოზიციამ შექმნა ეს უცნაური პარადიგმა, როდესაც სამედიცინო საკითხებზე პოლიტიკოსები მსჯელობენ და პოლიტიკურ საკითხებზე ექიმები. აჯობებს, რომ პროცესი თავის კალაპოტში იდგეს – ეს იქნება ერთადერთი სწორი გზა ნებისმიერი დაძაბულობის განმუხტვისთვის“,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – სამკურნალო საქმე გადაწყვიტონ ექიმებმა და პოლიტიკოსებმა გააკეთონ პოლიტიკა, ნუ შეუშლიან ექიმებს ხელს
შემდეგი სტატია“ოცნების“ მსგავსი ქმედებებით, როდესაც ციხეში არ შეუშვეს უკრაინის ომბუდსმენი, საქართველო ყოველდღიურად შორდება დასავლეთს, ასე იქცევიან პუტინის ბანაკის წევრები – ნონიაშვილი