„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების გაერთიანება პერსპექტიულად არ მესახება – „ქართულ ოცნებას“ შენარჩუნებული აქვს მხარდაჭერის უდიდესი ნაწილი საზოგადოების მხრიდან, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული გააჩნდა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რითაც ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, იმ ფონზე, როცა ოპოზიციურ ამომრჩეველში გარკვეული ექსკლუზივი “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს, მეორე მხრივ კი, თავის მხარდაჭერა შენარჩუნებული აქვს მმართველ პარტიას, მსგავს გაერთიანებას სერიოზული მხარდაჭერის იმედი ვერ ექნება.
„საქმე რაშია იცით? პოლიტიკოსები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ პოლიტიკაში და სურვილი აქვთ, დაბრუნდნენ, ეს მათი ნებაა ვისთან გაერთიანდებიან, რას გააკეთებენ, მაგრამ ასეთი დაჯგუფების მცდელობა “ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების გაერთიანება მაინც და მაინც პერსპექტიულად არ მესახება, თუმცა, მათი უფლება, მათი ნებაა, როგორც უნდათ ისე გადაწყვიტონ. არ მგონია, პოლიტიკური თვალსაზრისით ეს იყოს ისეთი პლატფორმა, რომელსაც შეიძლება დიდი და სერიოზული მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან იმ ფონზე, როცა არსებობს „ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციაში, რომელსაც დაკავებული აქვს გარკვეული სეგმენტი, ოპოზიციურად განწყობის ადამიანების გარკვეული ექსკლუზივის მატარებელია, არსებობს “ქართული ოცნება” სახელისუფლებო პარტიის სახით, რომელსაც შენარჩუნებული აქვს იმ დიდი მხარდაჭერის უდიდესი ნაწილი საზოგადოების მხრიდან, რომელიც გააჩნდა 2012 წლიდან მოყოლებული და მიუხედავად ცალკეული პოლიტიკოსების წასვლისა, რეალურად ამას არ მოუხდენია გავლენა “ქართული ოცნების” ელექტორატის შემადგენლობაზე. აქედან გამომდინარე, არ მგონია “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატების სიმრავლემ ამ გაერთიანებაში პირდაპირპროპორციულად განაპირობოს იმ ადამიანების მხარდაჭერა, ვინც “ქართული ოცნების” მომხრეებად განიხილებიან. ჭიჭინაძე იყო “ქართულ ოცნებაში”, ნიშნის მოგებით არ ვამბობ, მაგალითისთვის ვამბობ, მის წასვლაზე “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა დიდი ნაწილი უკმაყოფილო დარჩა და შეიძლება წავიდნენ და ჭიჭინაძის ამომრჩეველი გახდნენ?!“ – განაცხადა სარჯველაძემ.
კითხვაზე, მათი ელექტორატიდან ხმებს მიიღებს თუ არა მსგავსი გაერთიანება, სარჯველაძე აცხადებს, რომ ეს პრაქტიკულად გამორიცხულია.
„არ მგონია, პრაქტიკულად გამორიცხულია”,- განაცხადა სარჯველაძემ.