ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მტკიცებით, მუნთან დაკავშირებით განგაშის და აჟიოტაჟის შექმნის მიზეზი არ არსებობს.
“პაატა იმნაძემ ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და საკმაოდ ნათლად ახსნა, რომ აჟიოტაჟის შექმნის რაიმე რეალური მიზეზი არ არსებობს.
მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაავადების გავრცელებასთან, მის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გავრცელება როდესაც ხდება, ზედმიწევნით ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ეს პანიკის დათესვას იწვევს.
სტატისტიკურადაც კი, აბსოლუტურად არ არის რაიმე განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული იყო ამ თვალსაზრისით ყურადღება.
მინდა, საზოგადოება დავამშვიდო. ყველა სპეციალისტისგან გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე განსაკუთრებული და საგანგაშო საქართველოში არ ხდება. რა თქმა უნდა, თითოეული გადადებული ინფექცია სამწუხაროა, მაგრამ რაიმე არასტანდარტული და არანორმალური არ ხდება. კვლავ ძალაშია ჩვენი მოწოდება – ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, მაგრამ თვითონ დაავადების გავრცელებაც არ ხდება უბრალო ხელის ჩამორთმევით ან გადაკოცნით. კანზე უნდა იყოს ხანგრძლივი დროით შეხება, ასე ხსნიან სპეციალისტები.
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტი არ არის ქსელში. ესეც მცდარი ინფორმაციაა. მედიკამენტი თავისუფლად ხელმისაწვდომია რამდენიმე სააფთიაქო ქსელში. ამ ყველაფრის ფონზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად, მუნთან მიმართებით არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.



















