სარჯველაძე – მანიფესტაცია და შეკრება რომ უსაფრთხო იყოს, ამიტომ მივიღეთ კანონი, ოპოზიცია და პრეზიდენტი კი ამას ეწინააღმდეგებიან, მათი პოზიციით, ბარიკადების მოწყობა, რომელიც ადამიანებს საფრთხეს უქმნის, ნორმალურია

ვინც მხარს უჭერს იმას, რომ მანიფესტაცია და შეკრება უსაფრთხო იყოს, ეს ვართ ჩვენ და ამიტომ მივიღეთ ეს კანონი, ოპოზიცია და პრეზიდენტი კი ამას ეწინააღმდეგებიან, რაც ნიშნავს, რომ მათი პოზიციით, ბარიკადების მოწყობა, რომელიც ადამიანებს საფრთხეს უქმნის, ნორმალურია – პრეზიდენტს ამ საკითხზე პრინციპული წინააღმდეგობა არ ჩამოუყალიბებია,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

სარჯველაძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების დაცვას ემსახურება.

„თუ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ვნახავთ, ამ საკითხზე მას პრინციპული წინააღმდეგობა არ ჩამოუყალიბებია. მან თქვა, რომ ფორმულირებებთან მიმართებით აქვს შენიშვნები, თითქოს კანონი ნაკლებად განჭვრეტადია და შეთავაზებული ფორმულირებები ნაკლებად მკაფიოა. კატეგორიულად ამასაც ვერ დავეთანხმები, რომ ნაკლებად მკაფიოა ის დებულებები, რომელიც ასახულია კანონპროექტში, მაგრამ თუ საკითხი ამგვარად დგას, ის უნდა ეწინააღმდეგებოდეს არა კანონის მიღებას, არამედ უნდა გვთავაზობდეს სხვა ფორმულირებას, რომელიც ამას უკეთესად მიაჩნია. კანონპროექტის განხილვის და ვეტოს წარმოდგენის დროს არ ყოფილა არცერთი განსხვავებული ფორმულირება, რაზეც მსჯელობა გვექნებოდა. ამაზე წინასწარ ვიმსჯელეთ და რამდენადაც შეიძლებოდა მკაფიო და ზუსტი ფორმულირება ყოფილიყო, კანონპროექტში აისახა. ამიტომ ვერ ვხედავ მიზეზს, რის გამოც შეიძლება დავეთანხმოთ პრეზიდენტის შენიშვნებს. ამიტომ, დიდი იმედი მაქვს, ჩემი კოლეგებიც იგივე პოზიციაზე იქნებიან“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიგამოძახებაზე გაფუჭებული ზუგდიდის სასწრაფო და იღბლიანი პაციენტი – რა მოხდა ორი დღის წინ
შემდეგი სტატიასარჯველაძე – ევროპაში კარგად უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ღირებულია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც