სარჯველაძე – კადრების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს და ეს არის საზოგადოების უფლება ინფორმაციაზე, როდესაც მას ატყუებენ

კადრების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს და ეს არის საზოგადოების უფლება ინფორმაციაზე, როდესაც მას ატყუებენ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელების საკითხზე.

„იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხმას არ იღებენ, როცა ერთ-ერთი დაინტერესებული მხრიდან მცდარი ფაქტების ტირაჟირებას ხედავენ, თითქოს ადგილი ჰქონდა უფლებების არანორმალურ დარღვევას, ახლა ვისმენთ კრიტიკას, რომ კადრები არ უნდა გამოქვეყნებულიყო. ეს იმას ნიშნავს, ითხოვდე – მომატყუებინე საზოგადოება. გამოდის, რომ ადამიანები ითხოვენ, მე ვატყუებ საზოგადოებას და არაფრის დიდებით ამაში ხელი არ შემიშალოო. გამოქვეყნებულ კადრებში პერსონალური მონაცემები არის, მაგრამ პერსონალური მონაცემები ისეთი აბსოლუტური საგანი არ არის, რომლის გასაჯაროება არც ერთ შემთხვევაში არ არის დასაშვები. ამ შემთხვევაში კადრების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არსებობს და ეს არის საზოგადოების უფლება ინფორმაციაზე, როდესაც მას ატყუებენ. იუსტიციის სამინისტრომ კადრები მხოლოდ მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც მოვისმინეთ ძალიან აქტიური პროპაგანდა არაადამიანური მოპყრობის შესახებ. გავრცელებული კადრების ნახვა არავისთვის სასიამოვნო არ იყო, მაგრამ არგუმენტი რის გამოც კადრები გასაჯაროვდა ისაა, რომ საზოგადოება დეზინფორმირებული აღმოჩნდა. ითქვა, რომ მანქანა შენობაში შესასვლელიდან 30 მეტრის დაშორებით გაჩერდა, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და თმებით ითრიეს. ეს რომ მართლა ასე ყოფილიყო, ეს იქნებოდა პრობლემა, რაზეც ვიღაცას აუცილებლად პასუხისმგებლობა უნდა აეღო. გამოდის, რომ ის ვინც კადრების გასაჯაროებას ეწინააღმდეგება, გვეუბნება, მომატყუებინე საზოგადოება და ამაში ხელს ნუ შემიშლი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, “გირჩი-მეტი თავისუფლების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისი-ზუგდიდის მატარებელს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა