სარჯველაძე – ირაკლი კობახიძის შეთავაზება კარგი ლუსტრაცია იქნება ოპოზიციის დაუსაბუთებელი პრეტენზიებისთვის და ამით წერტილი დაესმება მოქალაქეებისთვის ნაცრის შეყრას მათი მხრიდან

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძის შეთავაზება კარგი ლუსტრაცია იქნება ოპოზიციის დაუსაბუთებელი პრეტენზიებისთვის და „ამით წერტილი დაესმება მოქალაქეებისთვის ნაცრის შეყრას მათი მხრიდან“.

„დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა საზოგადოების თვალწინ კამათი, ოპოზიცია დაუსაბუთებლად გვთავაზობდა უკმაყოფილებებს და საზოგადოება შეჰყავდათ შეცდომაში, როცა ამბობდნენ, რომ საქართველოს აქვს რესურსი, მიეღო გადაწყვეტილებები, რომელიც დისკომფორტს შეუქმნიდა რუსეთს და ქმედითად გამოადგებოდა უკრაინას. იმისთვის, რათა რეალურად გამოჩნდეს, რომ ასეთი უკმაყოფილებების და დაუსაბუთებელი განცხადებების მიღმა არავითარი შინაარსობრივი მხარე არ იდგა და არგუმენტებით არ იყო გამყარებული, ყველაზე კარგი ლუსტრაცია მოხდება, როცა შეთავაზება მიეცა ოპოზიციას, დაასახელონ კონკრეტული არგუმენტები, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ წერტილი დაესვას დაუსაბუთებლად პრეტენზიების გაცხადებას, რომლის მიღმაც არავითარი არგუმენტი არ დგას. ვფიქრობ, ამით წერტილი დაესმება მოქალაქეებისთვის ნაცრის შეყრას ოპოზიციის მხრიდან,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძე ასევე გამოეხმაურა კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალოს და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მერკანტილურ ინტერესებში შემჩნეულია და „ამისთვის იმეტებენ და სწირავენ სახელმწიფოს ინტერესსაც“. მისივე თქმით, მსგავს ქმედებას ადგილი ჰქონდა ვიზალიბერალიზაციის მიღების წინაც.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – არ ვიცი, რას გულისხმობს ზურაბ ჯაფარიძე, შორტით და ბოტასებით თუ არ დავდივარ პარლამენტში, არ ნიშნავს, რომ დრაივი არ გვაქვს
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „აზოვსტალიდან“ გაყვანილ პირებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შესაძლებლობას არ გამორიცხავს