სარჯველაძე – დაასახელონ ერთი ნორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოების მიერ უკანონოა

დაასახელონ ერთი ნორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ უკანონოა,- ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, რაც უფრო ადრე დაამტკიცდება ბიუჯეტი მუნიციპალიტეტებში მით უკეთესია, ახალი მოწვევის საკრებულოს კი ცალკეული მუხლების შეცვლის შესაძლებლობა ექნება, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის.

“არალეგიტიმურობაზე როცა ლაპარაკობენ, როგორც ჩანს, ძალიან უცნაური შეხედულება აქვთ ლეგიტიმურობაზე. ლეგიტიმურობა ნიშნავს სამართლებრივად დასაშვებია ქმედება თუ არა. დაასახელონ ერთი ნორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ ბიუჯეტის განხილვა მუნიციპალიტეტების მხრიდან უკანონოა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მიზანშეწონილობის თვალსაზრისით არის თუ არა ეს გამართლებული. აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავ არასწორს, რომ ჯერ კიდევ ვალიდური საკრებულოების მიერ მიიღებოდეს მომდევნო წლის ბიუჯეტი. ძალიან კარგი იქნება რაც უფრო ადრიანად იქნება მიღებული ბიუჯეტი, ეს მეტ განსაზღვრულობას შეიტანს იმ უწყებებისთვის და პირებისთვის, რომლებიც არიან ამ ბიუჯეტით გათვალისწინებულ ცალკეული ხარჯების ადრესატები. მომდევნო მოწვევა როცა შეიკრიბება, მათაც აქვთ უფლება მიიღონ ცალკეული გადაწყვეტილებები ცვლილების თაობაზე, თუკი რომელიმე მუხლზე ჩათვლიან, რომ არასწორია,”- განაცხადა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშიაჭარის უმაღლეს საბჭოსთან, სადაც დღეს საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი, პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა
შემდეგი სტატიაზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით მიმდინარეობს (ვიდეო)