სარჯველაძე: არგუმენტები არ აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ

„ნაციონალურ მოძრაობას“ საკუთარი რესურსების აბსოლუტური მობილიზება აქვს, რომ დღევანდელ აქციას უფრო დიდი მასშტაბი მიეცეს და სოლიდურად გამოჩნდეს, მაგრამ სინამდვილეში, საჭიროა არგუმენტების გამყარება, იმის ნაცვლად, რომ ადამიანების რაოდენობით ეს დეფიციტი გადაიფაროს , – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, არ შეიძლება, აქციის მონაწილეთა რაოდენობაზე გადიოდეს ის მოთხოვნა, რომელიც წამოყენებულია.

„მეტსაც გეტყვით, მოთხოვნა ისე არის დაყენებული, რომ არ შეიძლება, ეს მიტინგებით და აქციებით წყდებოდეს. შეგვიძლია, არგუმენტებით ვისაუბროთ. აღმოაჩენთ, რომ არგუმენტები არ აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც ცდილობენ, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ და ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფაქტები ერთმანეთთან დააკავშირონ. ადამიანი პროტესტის ნიშნად შიმშილობს? რა უნდა მოჰყვეს შიმშილობას? შიმშილობა შეიძლება საკმარისი არგუმენტი იყოს იმის, რომ მართლმსაჯულება არ შედგეს? „ნაციონალური მოძრაობის“ არც ერთი წევრი რატომ არ იწუხებს თავს, რომ ისაუბრონ ამ თემაზე და პასუხი გასცენ მაგალითად ვალერი გელაშვილს? მისი ცემა ისე განხორციელდა, რომ არაფერი გაუგია მიხეილ სააკაშვილს?“, – განაცხადა სარჯველაძემ.

 

banner
წინა სტატიაშიგია ხარჩილავა: ქართველი ხალხი ყველა დამპყრობლის ხმას გადაფარავს
შემდეგი სტატიამსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან იწყება