სარჯველაძე – არავის შეუზღუდავს სააკაშვილისთვის საქართველოში ჩამოსვლა

როგორ შეიძლება, უკანონობის ჩადენა წარმოადგენდეს გმირობის საგანს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებაზე, რომ ამაყობს ნიკა მელიას თანამებრძოლობით. „აღფრთოვანებული ვარ მისი გამბედაობით, ციხის შიში საერთოდ გააქრო“, – თქვა სააკაშვილმა.

„როცა გამბედაობაზე და გმირობაზეა საუბარი, ეს გამაღიზიანებელია. დავფიქრდეთ, რაში გამოიხატება ის, რასაც მიაწერენ ამ ადამიანს გმირობად და გამბედაობად. როგორ შეიძლება, უკანონობის ჩადენა წარმოადგენდეს გმირობის საგანს. ეს არის ყალბი პორტრეტების შექმნის ძალიან ცუდი მცდელობები, რაც არ არის მისაღები ცივილიზებული სახელმწიფოსთვის. აქედან გამომდინარე, ჩემი პირადი აზრია, რომ ესეც განწირული მცდელობებია, ვინმეს კვლავ შეასხან წამებულისა და გმირის მანტია, ეს აბსოლუტურად ცრუ გმირების შექმნის ხელოვნური მცდელობაა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის საკითხს, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მის მიმართ კონკრეტული განაჩენი არსებობს და შესაბამისად, მისი აღსრულების საჭიროება იქნება დღის წესრიგში, ხოლო ეს როგორ აღსრულდება, ტექნიკის საკითხია.

„ამ შემთხვევაში, ორი ფაქტორია მხედველობაში მისაღები. მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არაა, ეს არის ფაქტი. მეორე, ის არის მსჯავრდებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის. არავის შეუზღუდავს მისთვის საქართველოში ჩამოსვლა. უბრალოდ, წინასწარ ცნობილია, რომ საქართველოში თუ ჩამოვა, რა მოჰყვება ამას სამართლებრივი თვალსაზრისით. ნურავინ შეეცდება, კვლავ გამოიწვიოს ქართული სახელმწიფო და ქართული სამართალი. არავის აქვს უფლება, უფრო მაღლა დააყენოს პარტიული თუ პირადი ინტერესი, ვიდრე ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესია, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქსტატი – 2021 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტი 19.6 პროცენტით გაიზარდა
შემდეგი სტატიასპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. ბარაკების ნაცვლად, სკვერი მოეწყო