სარჯველაძე – არაფრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ 2012 და 2021 წლების პენიტენციურ სისტემაში ერთი და იგივე მდგომარეობაა, ახლოსაც არ არის

არაფრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ 2012 და 2021 წლების საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ერთი და იგივე მდგომარეობაა, გამორიცხულია და ახლოსაც არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ყველაზე კარგი საზომია 2012 წლის მდგომარეობა“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ის პრობლემები ნამდვილად არ ექნებოდა, რაც ჰქონდა, ისეთი ქცევები რომ ჰქონოდა, როგორც ახლა „ქართულ ოცნებას“ აქვს. მერწმუნეთ, ეს არის ცა და დედამიწა და ამის გაიგივების საფუძველი არ არსებობს. არაფრით არ შეიძლება იმის თქმა, რომ 2012 წლისა და 2021 წლის საქართველოს პენიტენციური მდგომარეობა ერთი და იგივეა, ეს გამორიცხულია და ახლოსაც არ არის. ყველაზე კარგი საზომია 2012 წლის მდგომარეობა, რომელიც მინუს უსასრულობაში იყო წასული. რაც შეეხება მაღალ სტანდარტს, ამის საზომად 2012 წლის მოვლენები ვერ გამოდგება და უნდა ვიხელმძღვანელოთ მათ შორის იმ სტანდარტით, როცა გაერო-ს საჯარო სხდომაზე საუბარი იყო ქართული პენიტენციური სისტემის რეფორმის წარმატებაზე. სერიოზული ცვლილებები განხორციელდა საიმისოდ, რომ მსგავსი დარღვევები პრევენცირებული ყოფილიყო.

რაც შეეხება ამ თვალსაზრისით ევროპარლამენტარების კრიტიკას, ვთვლი, რომ განცხადების გაკეთება, რომ ერთნაირია 2012 წლის და დღევანდელი დამოკიდებულებები, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად, ისინი არაინფორმირებული არიან მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ. მათ შორის იმ საკითხის შესახებ, როგორიც იყო გავრცელებული ინტერპრეტაციები და ინფორმაციები, როგორ მოხდა სააკაშვილის განთავსება. თუ ადამიანს მხოლოდ განთავსების კადრები აქვს ნანახი, მას შეიძლება, არასწორი შთაბეჭდილება შეექმნას. კომუნიკაცია თუ იქნება და შევეცდებით, არგუმენტები წარვადგინოთ, რომელიც გამოთქმულ ეჭვებს გაფანტავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

წინა სტატიაშისამინისტრო – ინფორმაცია, თითქოს საუნივერსიტეტო კლინიკის პაციენტები კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღებას ვერ ახერხებენ, რადგან აპარატი ციხის დაწესებულებაშია გადატანილი, სინამდვილეს არ შეესაბამება
შემდეგი სტატიაბათუმში, “გირჩი-მეტი თავისუფლების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელიც დააკავეს