სარჯველაძე – არაევროპული იქნება, რომ სამართალზე მაღლა პოლიტიკა და ვინმეს პოლიტიკური დამოკიდებულება დავაყენოთ

არაევროპული იქნება, რომ სამართალზე მაღლა პოლიტიკა და ვინმეს პოლიტიკური დამოკიდებულება დავაყენოთ. სამართლებრივი სახელმწიფო არის უმნიშვნელოვანესი ბაზა, რომელზეც ევროპული სახელმწიფო უნდა აშენდეს, ეს სხვაგვარად არ წარმომიდგენია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ევროპარლამენტარები განცახადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ ვიდრე სტრასბურგის სასამართლო არ განიხილავს საქმეს, მანამდე სააკაშვილი გათავისუფლდეს“.

სარჯველაძის თქმით, მიდგომა, რომ საქართველოს სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ან ზოგადად მართლმსაჯულება გაჩერდეს, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ნონსენსია.

ამასთან, სარჯველაძე განმარტავს, რომ ეს ევროპარლამენტართა საერთო აზრი არ არის.

„ეს ევროპარლამენტარების საერთო აზრი არ არის, ჩვენ ამ თემების მიმართ განსხვავებული და უფრო დასაბუთებული არგუმენტაციაც მოგვისმენია. რადიკალურად განსხვავებული, რომელიც ასეთ მოთხოვნებს არ აყენებს, მაგრამ რაც შეეხება იმ განცხადებას, რომელიც გულისხმობს, რომ ვიდრე საქართველოს, სუვერენული სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზიას არ მოახდენს ვინმე, სტრასბურგის სასამართლო ამის რევიზიას არ აკეთებს, მანამდე რომ მართლსაჯულება არ განხორციელდეს. არ ვიცი, გულისხმობენ ამ კონკრეტულ საქმეზე, თუ ზოგადად მართლმსაჯულების პარალიზებაზე, არ მიმაჩნია, რომ ამ მოთხოვნის გაზიარების რაიმე მიზეზი და საფუძველი მაინც არსებობს.

იურიდიული თვალსაზრისით აბსოლუტური ნონსესია და ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები, რომ საქართველოს სახელმწიფოს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ან ზოგადად მართლმსაჯულება გაჩერდეს, ვიდრე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ასეთი მიდგომა ნონსესია. არაევროპული საქციელი იქნება, რომ სამართალზე მაღლა პოლიტიკა და ვინმეს პოლიტიკური დამოკიდებულება დავაყენოთ. სამართლებრივი სახელმწიფო არის უმნიშვნელოვანესი ბაზა, რომელზეც ევროპული სახელმწიფო უნდა აშენდეს, ეს სხვაგვარად არ წარმომიდგენია. პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე არაერთი კომენტარი გაკეთდა და კუბილიუსის მიმართ უნდა გაგიჩნდეთ კითხვა, იცის, თუ არა შემდგომი განმარტებები და რატომ აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების ისეთ მცდარ ინტერპრეტაციას, რომელსაც აკეთებს? – ინტერპრეტაცია მცდარია და უტრირებული“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მხოლოდ მცდარ მოსაზრებებზე საკუთარ განსხვავებული მოსაზრებას აფიქსირებენ.

„კატეგორიულად უარვყოფ იმას, რომ პრემიერის განცხადება მართლმსაჯულებაში ჩარევად იყოს განხილული. ითქვა, რომ როცა სააკაშვილის მხრიდან სამართალდარღვევების მოწოდება კეთდება, ბუნებრივია, ამან შეიძლება, შემდგომი სამართლებრივი რეაგირება გამოიწვიოს და ეს მართლმსაჯულებაში ჩარევაა? – არ მგონია, ეს ასე უნდა განიმარტოს. ადამიანებს თავს არასოდეს ვესხმით, ჩვენი ამოცანაა, რომ თუ ადამიანები მცდარ მოსაზრებებს ავრცელებენ, ჩვენი განსხვავებული მოსაზრება გამოვთქვათ. თუ ვინმე დისკუსიას გვიკრძალავს, გაუგებარია, ეს რატომ არის პოლიტიკის წარმოების ევროპული გაგება და ევროპული მოდელი, ვინაიდან, ევროპარლამენტიდან რამდენიმე ადამიანმა განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, აქედან გამომდინარე, ჩვენი ევროპული მომავალი იმას გულისხმობს, რომ ჩვენი მოსაზრება არ წარვადგინოთ? თქვენი უფლებაა, ასეთი მცდარი მოსაზრება გქონდეთ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია ჩრდილოვან კაბინეტს დღეს წარადგენს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ტოივო კლაართან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილა