სარჯველაძე – არ შეიძლება, საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის საკითხი – დავით გარეჯი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდეს

არ შეიძლება, საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობის საკითხი – დავით გარეჯი პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდეს და ვიღაცის სრულიად მერკანტილური ინტერესების სამსახურში იყოს ჩაყენებული მისი შედეგის მიუხედავად, რადგან არის სრულიად ამორალური, უპასუხისმგებლო და მოღალატეობრივი პოზიცია ბევრის მხრიდან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განუცხადა.

მისი თქმით, გაუკვირდა, როცა ისეთი პათოსი ნახა, თითქოს, სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილება უნდა განიმარტოს იმგვარად, როგორც ამ ორი ადამიანის გამართლება.

„ეს ასე ნამდვილად არ არის. როგორც ჩანს, მართლაც ძალიან დიდია მონდომება ამ ადამიანებისა და პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან, რომ ვითარებას მაქსიმალურად მეტი პოლიტიკური ელფერი მიეცეს, რომ ინსინუაციების ან სპეკულაციების შედეგად, ამ საქმეზე ჭეშმარიტება იყოს დაფარული საზოგადოებისთვის. საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი მოვისმინეთ გარდა იმისა, რაც სინამდვილის გარკვევას უნდა ემსახურებოდეს. კონკრეტული ბრალდების შინაარსთან დაკავშირებით არც ერთი დამაჯერებელი ახსნა არ მოგვისმენია და ოპოზიციური ძალები და უშუალოდ ბრალდებულებიც დაკავებულები იყვნენ იმის გაცხადებით, რომ გარეჯი საქართველო არ არის. სრულიად საწინააღმდეგოს ახსნას ვცდილობთ და დავასაბუთოთ იმ მტკიცებულებებით, რომელზეც იყო საუბარი და ბრალდებაც ემყარებოდა კონკრეტულ მტკიცებულებებს, სადაც კონკრეტულად ახსნილია, თუ რატომ არის საქართველო გარეჯის ის მონაკვეთი, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება სადაო იყოს. სამწუხაროდ, ამ წუთას არავითარი შესაძლებლობა არ მაქვს, კონკრეტული დანაშაულის ჩადენის ან არჩადენის თაობაზე ვისაუბრო, მაგრამ ის, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა გამოძიების პროცესიდან ამ მონაკვეთთან დაკავშირებით, მათ შორის ბრალდებულების განმარტება და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, საქართველოსთვის მკაფიოდ არგუმენტირებულ საფუძველს იძლევა, რომ ის მონაკვეთი რომელზეც ვსაუბრობთ, უნდა ჩაითვალოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შემავალ ტერიტორიად. მოტივაცია, რომ საქმეს პოლიტიკური ელფერი მიეცეს, შეიძლება ჰქონდეს ბრალდებულებსაც და იმ პოლიტიკურ ჯგუფებსაც, რომლის პირობებშიც შეიძლება საქართველოს პოზიციის საწინააღმდეგოდ ცალკეული გადაწყვეტილებების მიღებას ჰქონოდა ადგილი.

გამოძიების დასრულებამდე მათ წარედგინათ ბრალდება, რომელიც გულისხმობს ისეთი დანაშაულის ჩადენას, რომელიც იძლევა იმ შეფასების გაკეთების საშუალებას, რაზეც კითხვას სვამთ და ამ შემთხვევაში ღალატს ახსენებთ – ეს ნამდვილად ასეა, ბრალდება არის ამ შინაარსის, უნდა დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას”, – დასძინა სარჯველაძემ.

banner
წინა სტატიაშისაბა ბუაძე – დავით გარეჯი ნამდვილად საქართველოა
შემდეგი სტატიაროგორ შეიცველბა 1-ლი თებერვლიდან ქვეყანაში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის წესები