სარჯველაძე – ამ წუთას ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი მხოლოდ მის ხელშია

თავად ნიკა მელიას გადასაწყვეტია, როგორი იქნება მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დაუშვებელია, ვინმე თავს უფლებას აძლევდეს, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს სამართალი.

„ამ წუთას ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხი მხოლოდ მის ხელშია. უპირველესად მისი გადასაწყვეტია, როგორი იქნება მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. რაც შეეხება სადისკუსიო საკითხად იმის ქცევას, ვინ როგორ აღასრულებს გირაოს შესახებ დადგენილებას, ეს მეორე ხარისხოვანია. არ ვარ დარწმუნებული, რომ პროცედურულად ყველაფერი ისეა, როგორც ბატონი მელია აცხადებს გირაოს გადახდის წესებთან დაკავშირებით, მით უმეტეს იმ შეთქმულების თეორიებთან დაკავშირებით, რასაც წინასწარ აანონსებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, მელია გირაოს თუ არ გადაიხდის, პარლამენტს სავარაუდოდ მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობა მოუწევს.

„პროცედურულად იმ შემთხვევაში, თუ დაირღვევა ის ვალდებულებები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სასამართლოს აქტებით, სავარაუდოდ პარლამენტს მოგვიწევს მსჯელობა ამ საკითხების ირგვლივ, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ დღეს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შერჩევის საკითხი ერთადერთ ადამიანზეა დამოკიდებული, ეს თავად ნიკანორ მელიაა.

ვინმე თუ თვლის, რომ მას აქვს ისეთი პრივილეგია, რომ მართლმსაჯულება სხვანაირად უნდა იყოს გათვალისწინებული მასთან მიმართებაში, ეს მისი პრობლემაა და არა მართლმსაჯულების ან თუნდაც პოლიტიკური გადაწყვეტილების. კატეგორიულად მიუღებელია, ვინმე თავს უფლებას აძლევდეს, საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს სამართალი. სამართლის მიმართ დემონსტრაციული წინააღმდეგობა სწორი გამოსავალი ან სახელმწიფოსთან ურთიერთობის სწორი ფორმა არ არის“, – განაცხადა მან.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ნიკოლოზი – ვფიქრობ, მეუფე პეტრეს საკითხი სინოდზე არ იქნება
შემდეგი სტატიასაბედაშვილი – ვრცელდება მცდარი მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავებების ფაქტებს ან პირთა ვინაობას