სარეზერვო ფონდების არამიზნობრივი და დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებია – IDFI

სარეზერვო ფონდების არამიზნობრივი და დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებია – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სარეზერვო ფონდების 2018 წლის ხარჯებზე კვლევას აქვეყნებს. კვლევის თანახმად, მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. აღნიშნული კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს.

“მოქმედი კანონმდებლობა არ მოიცავს სარეზერვო ფონდთა განკარგვასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან რეგულაციებს. აღნიშნული კი ქმნის ფინანსების არამიზნობრივი გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელი ხარჯვის რისკებს. ამასთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი გამონაკლისის წესით არ ვრცელდება თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებზე. შესაბამისად, თბილისის მერიის სარეზერვო ფონდიდან შესყიდვები ხორციელდება კონკურენტული გარემოსა და გამჭვირვალობის პრინციპების უზრუნველყოფის გარეშე.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს შესყიდვების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის რეგულაციებთან. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა კონცეპტუალურად დაახლოვოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ევროკაშირის დირექტივასთან და შეამციროს ისეთი ხელშეკრულების დადება, რომლებზეც არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის მოქმედება.

კვლევამ აჩვენა რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სარეზერვო ფონდების ოდენობის განსაზღვრის და მისი ათვისების პრაქტიკა განსხვავებულია. მთელი რიგი მუნიციპალიტეტების მერიები გაწევენ ისეთ ხარჯებს, რომელთა სარეზერვო ფონდიდან დაფინასების აუცილებლობა კითხვის ნიშნებს აჩენს. მაგალითად კაპიტალური ხარჯები, კულტურული ღონისძიებები და ა.შ. ამავდროულად, ცალკეული მუნიციპალიტეტები საერთოდ ვერ ახდენენ სარეზერვო ფონდში გათვალისწინებული სახსრების ათვისებას. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა ოკუპირებული ტერიტორიების და დევნილი მოსახლეობის სიმრავლით გამორჩეულ გორის მუნიციპალიტეტში წლის განმავლობაში სარეზერვო ფონდის ათვისების საჭიროების არ არსებობა.

კვლევის ფარგლებში პრობლემური იყო სხვადასხვა მონაცემის დაჯგუფება, ვინაიდან არ არსებობს ერთიანი სტანდარტი სარეზერვო ფონდიდან დახარჯული თანხების მიზნობრიობის დასაბუთებასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების მერიების სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული თანხების შესახებ. მუნიციპალიტეტების მერიების ბიუჯეტისაგან განსხვავებით, რომელთა შესახებ ინფორმაციაც საკანონმდებლო მაცნეს მეშვეობით არის ხელმისაწვდომი, სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია პროაქტიულად არ ქვეყნდება და მისი გაცნობა მხოლოდ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ განცხადებათა გაგზავნის გზით არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, პრობლემურია ის რომ მუნიციპალიტეტთა ნაწილი არ გასცემს მოთხოვნილ ინფორმაციას. ინფორმაციის განმცხადებლისთვის მიწოდების შემთხვევაში კი არ ხდებოდა სარეზერვო ფონდებიდან დახარჯული თანხების ზუსტი მიზნობრიობის მითითება რაც შეუძლებელს ხდის სარეზერვო ფონდების განკარგვასთან დაკავშირებული ზუსტი სურათის დანახვას”, – აღნიშნულია IDFI-ს კვლევაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 4-ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
შემდეგი სტატიანაზი ჯანეზაშვილმა და შალვა თადუმაძემ ერთი და იგივე ინსტიტუტი დაამთავრეს