სარა სანდერსი: ირანში სახალხო აჯანყებაა და საერთაშორისო საზოგადოება გვერდზე ვერ დადგება

თეთრი სახლის პრესმდივნის სარა სანდერსის განცხადებით, ირანში სახალხო აჯანყებაა და საერთაშორისო საზოგადოება გვერდზე ვერ დადგება. მისი თქმით, „არაეფექტური მმართველობისა და კორუფციის წლებმა გამოიწვიეს ის, რომ ირანელებმა თავიანთი ლიდერებისადმი ნდობა დაკარგეს“.

“ქვეყანაში ფასები იზრდება, ხოლო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი მოქალაქეების სახსრებს უცხოური შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაზე ხარჯავს. ირანელი ხალხი აღშფოთებულია კორუფციის ზრდით. ისინი დაიღალნენ თავიანთი დაუნდობელი და კორუმპირებული ლიდერების გამო“, – აღნიშნა სარა სანდერსმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა განაცხადა, ის, რაც ახლა ირანში ხდება ნამდვილი სახალხო აჯანყებაა.

„შედეგად, ჩვენ ვხედავთ ნამდვილ სახალხო აჯანყებას, რომლის უკან მამაცი ირანელები დგანან. საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა შეინარჩუნოს დუმილი, როგორც ეს ადრე ხდებოდა“, – განაცხადა მან.

სარა სანდერსმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის თაობაზე აღადგინოს თუ არა სასანქციო რეჟიმი ირანთან მიმართებაში.

თეირანში, მეშჰედში, ისპაანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.

banner
წინა სტატიაში“ქართულმა ხმებმა“ N17 დაწესებულებაში წინასაახალწლოდ კონცერტი გამართეს
შემდეგი სტატიაN5 პენიტენციურ დაწესებულებაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა