საქსტატი – სექტემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი თითქმის 5 ლარით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა.

2021 წლის აგვისტოში, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 221.1 ლარი იყო, სექტემბერში კი, ეს მაჩვენებელი ოთხი ლარითა და 80 თეთრით შემცირდა, ჯამში კი 216.3 ლარი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 4.2 ლარით არის შემცირებული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 191.6 ლარს შეადგენს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს (იგულისხმება ორსულიანი, სამსულიანი და ა.შ.). როგორც საქსტატში აღნიშნავენ, ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

წინა სტატიაშიწითლიძე – მე როგორც ვიცი, გიგიმ უკვე მოიხადა კოვიდი, გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასპეციალური პენიტენციური სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს