საქსტატი: III კვარტალში საქართველოს ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.1% შეადგინა, დეფლატორი კი 9.4%-ით გაიზარდა.

მიმდინარე ფასებში მშპ-ს მოცულობამ III კვარტალში 15.9 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც შესაბამისი პერიოდის გაცვლითი კურსით 5.1 მილიარდი დოლარია. ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ 4 290 ლარი ($1 375) შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა, 2019 წელთან შედარებით, 6.8%-ით შემცირდა. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 49.2 მილიარდი ლარი [$15.8 მლრდ] შეადგინა, მშპ-მ ერთ სულ მოსახლეზე კი – 13 234 ლარი [$4 255]. 2020 წლის III კვარტალში ეკონომიკის შემცირებამ, ასევე, 6.8% შეადგინა.

საქართველოს მთავრობა 2021 წლის ბოლო მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს.

2021 წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი 2020 წელს დაფიქსირებული 6.8%-იანი შემცირებაა. ამ მოვლენას საბაზისო ეფექტი ეწოდება, როცა გასული წლის ვარდნა წლევანდელი მონაცემების ზრდას უწყობს ხელს, რადგან ქვეყნის მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გამოითვლება. ნაწილობრივ, საბაზისო ეფექტით აიხსნება 2021 წლის III კვარტალში დაფიქსირებული 9.1%-იანი ზრდაც.

2021 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საბითუმო და საცალო ვაჭრობა (12.3%), ტრანსპორტი და დასაწყობება (29.0%), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (78.8%), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (49.8%), ხელოვნება, გართობა და დასვენება (48.1%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (23.8%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (20.3%), დამამუშავებელი მრეწველობა (7.3%).

კლება დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა (-29.7%), განათლება (-7.8%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-2.9%), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-3.9%).

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს შეხვდა
შემდეგი სტატიარაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და მარგველაშვილმა – “სააკაშვილის პატიმრობასა და ამით გამოწვეულ იმ ვითარებაზე”