საქსტატი – გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57,7 პროცენტი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აგრძელებს ოჯახებისა და ბავშვების კეთილდღეობაზე „კოვიდ-19“-ის გავლენის რეალურ დროში გამოკვლევას, რომელიც ხორციელდება გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით. გამოკვლევა მიმდინარეობს მრავალინდიკატორული კლასტერული გამოკვლევის (MICS6) შერჩევის საფუძველზე. დაგეგმილია გამოკვლევის რამდენიმე ტალღის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც მიიღება სხვადასხვა სახის ინფორმაცია „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ბავშვებისა და ოჯახების მდგომარეობის შესახებ.

საქსტატის ცნობით, გამოკვლევის ფარგლებში გროვდება მონაცემები როგორც ქალაქებში, ისე სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებში. ქვეყნის მასშტაბით შერჩევის ზომა განსაზღვრულია 1 996 შინამეურნეობით, მათ შორის ქალაქად 965 ერთეულით, ხოლო სოფლად 1 031 ერთეულით. მონაცემების შეგროვება ხორციელდება პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით, კომპიუტერიზირებული სატელეფონო ინტერვიუს მეთოდით.

გამოკვლევის მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო, განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ შემუშავებული პირველი და მეორე ტალღის კითხვარების ადაპტაცია, ტესტირება, საველე პერსონალის ტრენინგები და ჩატარდა საპილოტე გამოკვლევები. გამოკვლევის მეორე ტალღის კითხვარით გათვალისწინებული მონაცემები შეგროვდა 2021 წლის თებერვალი- მარტის პერიოდში.

გამოპასუხების დონემ შეადგინა 87.1 პროცენტი, მათ შორის ქალაქის ტიპის დასახლებებში – 87.6 პროცენტი, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 86.6 პროცენტი.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას (უფასოდ ხელმისაწვდომი და მთავრობის მიერ აღიარებული, როგორც უსაფრთხო და ეფექტური) რესპონდენტების 28.8 პროცენტი გაიკეთებდა, 10.4 პროცენტის აზრით ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ ვაქცინა, რესპონდენტების 31.4 პროცენტისათვის – თითქმის გამორიცხულია, ხოლო 29.5 პროცენტს არ გადაუწყვეტია მისი გაკეთება. დასახლების ტიპის მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის 30.1 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში 27.0 პროცენტი გაიკეთებდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას.

სქესის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტად განსხვავებულია. კაცების 39.2 პროცენტი აღნიშნავს, რომ გაიკეთებდა ვაქცინას, ქალებისათვის კი მაჩვენებლის მნიშვნელობა მხოლოდ 24.4 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის არ ქონის ძირითად მიზეზებად რესპონდენტების მიერ სახელდება: ვაქცინის გვერდითი მოვლენები (58.1%), სიკვდილის ან უნაყოფობის საფრთხე (37.5%), გარემოება, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი (36.5%), ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობა (17.9%), ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არსებული პრობლემები (8.5%), COVID-19-ის გადატანის შედეგად გამომუშავებული იმუნიტეტი (7.5%), ალერგია ზოგიერთ მედიკამენტზე (6.1%), COVID-19-ით გამოწვეული საფრთხის გაზვიადება (4.7%), მთავრობის/ ჯანდაცვის სისტემის მიმართ უნდობლობა (3.2%), მოსაზრება, რომ ვაქცინის ტესტირება მოსახლეობაზე ხდება (2.6%), სხვების აცრის შემთხვევაში აცრის საჭიროების არარსებობა (2.5%), ზოგადად წინააღმდეგობა ყველანაირი ვაქცინის მიმართ (1.5%), მოსაზრება, რომ მორწმუნეები დაცულები არიან/ ეწინააღმდეგება რელიგიურ შეხედულებებს (1.0%).

გამოკვლევის თანახმად, იმ რესპონდენტთა პროცენტული განაწილება, ვისთვისაც ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთებს ვაქცინას და იმ რესპონდენტთა პროცენტული განაწილება, ვისაც არ გადაუწყვეტია, ნაკლებად მოსალოდნელია ან თითქმის გამორიცხულია, რომ გაიკეთოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, ერთმანეთისგან განსხვავდება ვაქცინის გაკეთების მთავარი მოტივების მიხედვით. რესპონდენტებს შორის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, რომ გაიკეთებს ვაქცინას, 59.6 პროცენტისთვის მთავარი მოტივი არის საკუთარი თავის დაცვა, 16.3 პროცენტისთვის კი – ხანდაზმული ადამიანების დაცვა. იმ რესპონდენტებს შორის, ვისაც არ გადაუწყვეტია ან არ აპირებს ვაქცინის გაკეთებას, 40.2 პროცენტისთვის მთავარი მოტივი იქნებოდა საკუთარი თავის დაცვა, 11.8 პროცენტისთვის – ხანდაზმული ადამიანების დაცვა, ხოლო 21.9 პროცენტი აცხადებს, რომ არაფერს არ შეუძლია მოახდინოს გავლენა მის გადაწყვეტილებაზე.

გამოკვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ სჭირდებათ შემდეგი ტიპის ინფორმაცია: რამდენად უსაფრთხოა (81.3%), გვერდითი მოვლენები (56.4%), რამდენად ეფექტურია (55.5%), როგორ მოქმედებენ სხეულში (31.7%), როგორ შეიქმნა (21.4%), რომელი ვაქცინები გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში (9.5%).

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ზოგადად ვაქცინებს ენდობა რესპონდენტების 57.7 პროცენტი. აღსანიშნავია, რომ დასახლების ტიპის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობა განსხვავებულია: საქალაქო ტიპის დასახლებებისთვის 60.7 პროცენტს, ხოლო სასოფლო ტიპის დასახლებებისთვის 53.4 პროცენტს შეადგენს.

გამოკვლევა ასევე ითვალისწინებდა COVID-19-ის გავლენის შეფასებას ბავშვთა ადრეულ განვითარებასა და დისტანციურ სწავლებაზე.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2-5 წლის ასაკის ბავშვებთან ერთად შინამეურნეობის ზრდასრული წევრები გამოკითხვამდე ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩართული იყვნენ აქტივობებში, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვის განათლებას და სკოლისთვის მზაობას. ასეთ აქტივობებს შორის ყველაზე გავრცელებულია ნივთების დასახელება, დათვლა ან ხატვა (99.3%), თამაში (99.2%), ილუსტრირებული წიგნების წაკითხვა ან დათვალიერება (94.1%), ზღაპრების მოყოლა (91.7%), გარეთ სასეირნოდ გაყვანა (91.5%), სიმღერა (79.3%).

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 869, იმერეთში – 393, კახეთში – 338
შემდეგი სტატიასაქსტატი – რესპონდენტების 77.4 პროცენტი კმაყოფილია ოჯახის წევრი 6-17 წლის ასაკის ბავშვისთვის დისტანციური სწავლების შეთავაზებული მეთოდებით