ექსკლუზივი – ბიზნესმენი, რომელიც წლების განმავლობაში, ბიძინა ივანიშვილის მილიარდებს განკარგავდა “ტვ პირველთან” აქამდე უთქმელ ამბებზე ალაპარაკდა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი ნოდარ მელაძისთვის მიცემულ სკანდალურ ინტერვიუში დეტალურად ჰყვება რა ეტაპზეა მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა.
ირკვევა, რომ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს კიდევ ერთი ჩვენება მისცა და როგორც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, “ყველაფერი თავდაყირა დააყენა”.
უფრო კონკრეტულად, გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, საქმეში ივანიშვილის ჩანაწერის გაჩენის შემდეგ, ოლიგარქმა ხელმეორედ დაკითხვა მოითხოვა
მე მაქვს ნამდვილად ბევრი ინფორმაცია, რომელიც ქართველმა ხალხმა აუცილებლად უნდა იცოდეს, სანამ გააკეთებს ქვეყნისათვის ასეთ კრიტიკულ არჩევანს. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ეს საქმე დღეს არ არის მნიშვნელოვანი.
ივანიშვილმა მოახერხა და ისეთი საოცრება, ზღაპარი შეთხზა, რომ თავისივე პროკურატურა შოკშია. არ იციან, ამ საქმისგან რა უნდა გამოძერწონ. ადამიანმა რა დამაბრალა, რომ მე ჩემი კომპანიით ავიღე “ქართუ ბანკში” სესხი. ჩემივე პირადი თანამონაწილეობა მქონდა ამ სესხში 30$. ეს სესხი დავფარე წელიწადში და რამდენიმე თვეში. ასევე ბანკის დირექტორმა გარკვეული თანხა მოითხოვა ზემოდან დამატებითი რისკის ასანაზღაურებლად, ეს თანხაც გადახდილი იყო დაახლოებით წელიწადში და რამდენიმე თვეში. ამის მერე, 6-7 წლის მანძილზე საერთოდ ხსენებაც არ ყოფილა არაფრის და ახლა ივანიშვილი ამბობს, რომ ეს სესხი კი არ ყოფილა, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე მისი ბიზნესი და რომ მე ამ საქმის შესრულებაში არც გასამრჯელო უნდა ამეღო, არც ანაზღაურება და არც არანაირი წილი არ მეკუთვნოდა.
იმის შემდეგ, რაც მე წარვადგინე მტკიცებულებები პროკურატურაში, დამერწმუნეთ, მატერიალური მტკიცებულებები, ანუ, უტყუარი მტკიცებულებები ამ საქმეში არის, მხოლოდ და მხოლოდ, ჩემს სასარგებლოდ, მათ შორის, ჩანაწერი. ამის შემდეგ, ის ოთხი თაბახი ზღაპრების შემდეგ, მოუწია 8 თაბახი რომ დაეწერა ზემოდან, რომ თურმე ჩვენ თავიდან სხვა მოლაპარაკება გვქონია და ერთ დღეში ივანიშვილმა შეცვალა და ეს ბიზნესი უცბად მისი გახდა.
ახალი ჩვენება მისცა ივანიშვილმა, მეორე ჩვენება, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ პროკურატურაში ჩანაწერი მივიტანე. ამ ჩვენებაში თავდაყირად აყენებს თავის პირად ჩვენებას და ამბობს, რომ როგორც გიორგი ამბობს, რომ თავიდან ყველაფერი ასე იყო მართლაო, დამავიწყდა თავიდან ამ ყველაფრის თქმა, მოყოლაო, თავიდან მნიშვნელოვანი არც იყოო, მაგრამ ბოლო მომენტში გადავწყვიტე, რომ შემეცვალა, სულ თავდაყირა დავაყენე ყველაფერი და ჩემი გახდა ის პროექტი, რომლითაც ბაჩიაშვილი იყო მოსულიო”- ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.
კითხვაზე, როდის დაიძაბა და რატომ რატომ გაგიბრაზდათ ივანიშვილი, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი “ტვ პირველს” ეუბნება, რომ ივანიშვილმა აგენტად მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მისი “მარიონეტი” არ გახდა.
ივანიშვილისთვის კარგი თანამშრომელი და კარგი გუნდის წევრი ნიშნავს კარგ მარიონეტს. ის ამ მარიონეტებს ცვლის, რასაც უნდა უკეთებს, მაგრამ როგორც კი, ამ მარიონეტს რაღაც საკუთარი აზრი უჩნდება, ან ბრმად არ მიყვება ივანიშვილის ლოზუნგებს და აზროვნებას, ის ხდება ან ცუდი ადამიანი, ან ქვეყნის მტერი, ან მოღალატე, ან აგენტი და ა.შ..
ჩემ შემთხვევაშიც ზუსტად ეს იყო. მან უბრალოდ დაინახა, რომ მე არ ვიყავი მისი არც მარიონეტი და არც მისი საკუთრება – დასძინა ბაჩიაშვილმა.
ერთ დროს ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი ნოდარ მელაძისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში Credit Suisse-თან დავაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სწორედ ის არის ის პირი, რომელმაც “მსოფლიოში უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტს 10-0 მოუგო”:
ბარგი ჩავალაგე და წავედი, მთლად ასე არ იყო. მე იმ დროისთვის ხელმძღვანელობდი ივანიშვილისთვის თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსური პრობლემის გადაწყვეტას. მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც აღმოაჩინა საერთოდ Credit Suisse-სში თანხის გაფლანგვა, ყოველ შემთხვევაში ივანიშვილის მხარეს, Credit Suisse-სში არ ვიცი, როდის აღმოაჩინეს. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც შეკრიბა საერთაშორისო იურისტების არმია და მე ვხელმძღვანელობდი არმიას. მე მქონდა ყველა დეტალი ამ საქმის გარშემო და მე ვიყავი მთავარი მოწმე ორივე სასამართლოზე. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ იმ დროისთვის მე ვხელმძღვანელობდი ივანიშვილის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ საქმეს. მე ეს არ მივატოვე, მე მას პირობა მივეცი, რომ ეს ჩემი პროფესიული მოვალეობა იყო, ეს ივანიშვილის სიყვარულით არ გამიკეთებია. ეს იყო ჩემი დაწყებული საქმე და მე საქმე ბოლომდე ისე მივუყვანე, რომ ყველა სასამართლოში ყველა პუნქტი, რომელზეც ჰქონდა ნაჩივლები, აბსოლუტურად ყველა პუნქტი დააკმაყოფილა სასამართლომ – ბერმუდას სასამართლომ და სინგაპურის სასამართლომაც. შესაბამისად, მე ჩემი პროფესიული და მორალური ვალდებულებაც ყველანაირი ძალიან კაცურად და ბოლომდე შევასრულე. მე არცერთი საქმე არ მივუტოვე, ფონდშიც ძალიან ძლიერი და პროფესიონალური გუნდი დავუტოვე, რომლითაც მე ვამაყობ სათითაოდ თითო ადამიანით, რომელიც თანაინვესტირების ფონდში მუშაობს. Credit Suisse-სის საქმე ბოლომდე მივიყვანე ისე, რომ მსოფლიოში უდიდეს ფინანსურ ინსტიტუტს 10-0 მოვუგე”- აღნიშნავს ბაჩიაშვილი.
გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველს” უთხრა, მის მიერ გამოთქმული ინფორმაცია ეფუძნება, მის 14 წლიან მუშაობას ბიძინა ივანიშვილთან და მის სტრუქტურებში. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, მტკიცებულებები იქნა მოპოვებული და ეყრდნობა დოკუმენტებს, სხვადასხვა პირად საუბრებს ივანიშვილთან და მის გარემოცვასთან, მის ანალიზს და საჯარო ინფორმაციას. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ მის მიერ ამ ინტერვიუში გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები გადაუდებელი ეროვნული ინტერესების საკითხია და არის მისი პირადი პოზიცია და შეხედულებები.
ივანიშვილი VS ბაჩიაშვილი:
გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. რაც შეეხება ბაჩიაშვილის პოზიციას, როგორც მან განაცხადა, დანაშაული არასდროს ჩაუდენია და მისთვის გაურკვეველია, რატომ არის ამ პროცესში.