კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ქიმიური ნივთიერება კამიტე საქართველოში არ არსებობს და შესაბამისად, BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებულია. “ოცნების” ლიდერი იწრმუნება, რომ აღნიშნული მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ ორგანიზებულ კამპანიას და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას წარმოადგენდა.
ამასთან, კალაძე ამტკიცებს, რომ ქიმიური ნივთიერების სკანდალთან დაკავშირებით არცერთი დაზარალებული არ არსებობს.
უკვე მეხუთე დღეა, ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს უცხოური პრესსამსახურების მიერ ორგანიზებულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის შერყევაა და საქართველოს რეპუტაციის დაზიანებაა.
სამწუხაროდ, მე ბევრჯერ მითქვამს, ბევრჯერ აღმინიშნავს, როგორც აქამდე არაერთხელ გვინახავს, ამ ანტიქართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოდიოზური პირები. უტყუარად დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერების გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რადგან ეს ნივთიერება საქართველოში არ არსებობს. მისი შესყიდვა საქართველოს შსს-ს არასდროს განუხორციელებია.
ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაშიც ჯერ ბრიტანულმა მაუწყებელმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და კონტროლირებულმა მედიასაშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასდეს ბრალი, ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ტოქსიკურ საშუალებას წარმოადგენს, რომელსაც თან ახლავს იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტები, რომ თეორიულად, მისი გამოყენების შემთხვევაში ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას დაეტყობოდა წარუშლელი კვალი. უფრო მეტიც, „კამიტეს“ ზემოქმედება მაღალი ალბათობით გამოიწვევდა ლეტალურ შედეგს. ამის პარალელურად, საქმეში არ არსებობს არცერთი დაზარალებული, კანონსაწინააღმდეგო აქციების არცერთ მონაწილეს არ მიუმართავს სამედიცინო დაწესებულებისათვის ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად არსებული ჩივილებით, – თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.
სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.
სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია.
















