საქმეს არ უშველის მხოლოდ „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა, მთავარია, მერიას ჰქონდეს ხედვა, როგორ მოაგვარებს პარკინგის საკითხს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თბილისის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა გოკა გაბაშვილმა „სითი პარკის“ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ხედვა საზოგადოებამ ვერც წინასაარჩევნოდ დაინახა.
„რა თქმა უნდა, ხელშეკრულება არის გადასახედი და გადასაწყვეტი, რომელიც უნდა გააკეთოს მერიამ. ამის მერე რა არის გასაკეთებელი, არ გვინახავს არც წინასაარჩევნოდ და ვერც ახლა ვერ ვიგებთ, თუ რა გეგმა, რა გზა აქვთ, რომ ეს უმწვავესი პრობლემა მოაგვარონ,” – განაცხადა გოკა გაბაშვილმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
თბილისის მერია კომპანია „სითი პარკის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას სასამართლოში აპირებს. ამის შესახებ თბილისის არჩეულმა მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. ამასთან, კალაძის განცხადებით, ჯარიმებზე, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% გამამართლებელი განაჩენი მოქალაქეების სასარგებლოდ არის გამოტანილი.