საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებზე – ვახტანგ ბუცხრიკიძე ზაზა ოქუაშვილის განცხადებას პასუხობს

TBC Bank-ის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება, რომელმაც გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ბანკის მიერ დაშვებულ კანონდარღვევებზე ისაუბრა.

“ომეგა ჯგუფის” წარმომადგენლების მტკიცებით, ბანკს უფლება არ ჰქონდა, კომპანიის ანგარიშიდან, ჯამში, 4 მილიონამდე ლარი გაენაღდებინა, რადგან შპს “ოლიმპუს”-ის მფლობელი ოფშორში რეგისტრირებული ფირმაა, მისი მფლობელების იდენტიფიცირებაა ვერ ხდებოდა და მილიონებიც ორი დღის დაფუძნებული შპს-ს ანგარიშზე ჩაირიცხა.

ვახტანგ ბუცხრიკიძე განმარტავს, რომ ბრიფინგის გამართვის გადაწყვეტილება ოქუაშვილის გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ გადაწყვიტა, რადგან ოქუაშვილმა ბანკის კონკრეტული თანამშრომლები დაასახელა, რომლებიც თანხის გატანის პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართულნი.

„ბოლო პერიოდში უსამართლო ბრალდებები ხშირად გაისმის პირადად ჩემ მიმართ, მამუკას მიმართ. ყველა იმ “თიბისი” ბანკის სახეების მიმართ, მაგრამ ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება და არასდროს ვრეაგირებთ ამ ბრალდებებზე,“ – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

TBC ბანკის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ბრალდებები სიცრუეზეა დაფუძნებული.

„საქმე გვაქვს სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებზე. ტრანზაქციები შესრულებულია საქართველოს კანონმდებლობის და საბანკო პროცედურების სრული დაცვით და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ 2016 წელს ამ ტრანზაქციის შესახებ ინფორმირებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახური,“ – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ბუცხრიკიძე ბანკიდან „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების მიერ თანხის გატანასთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ოქუაშვილის მიერ ნახსენები კომპანია დარეგისტრირებულია არა ოფშორში, არამედ საჯარო რეესტრში 2016 წელს. მან აღნიშნა, რომ ბანკში ყველა საჭირო დოკუმენტები წარდგენილია.

„ჩემ მიერ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტების საფუძველზე დაყრდნობით იდენტიფიცირებული ჰყავს თიბისი ბანკს კომპანიის ბენეფიციარი მფლობელი,“ – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ის ასევე, გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების განცხადებას, რომ თითქოს ბანკმა მომსახურება არასამუშაო საათებში გაწია. ბუცხრიკიძის განცხადებით, მარჯანიშვილის ფილიალი, მათ შორის, იურიდიული განყოფილება, დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე მუშაობს.

„ის არის ტყუილი, რომ ამ ტრანზაქციის განხორციელებისთვის სპეციალურად მოხდა ფილიალის გახსნა,“ – აცხადებს ბუცხრიკიძე.

ბუცხრიკიძის თქმით, ტრანზაქციის განხორციელება დასრულდა ყველა წესის დაცვით. მან ასევე უპასუხა იმ განცხადებებს, თითქოს ის იცნობს მაღალი თანამდებობის პირებს და მათთან კომუნიკაცია აქვს.

„მე პირადად არ ვიცნობ ბატონ ფარცხალაძეს, რაც შეეხება გიორგი გახარიას, ბატონი გიორგი გავიცანი ბიზნესომბუდსმენის რანგში. მე ვიცნობ ბატონ ლევან ყიფიანს, მაგრამ არ მაქვს მეგობრული ურთიერთობა მასთან და რამდენადაც მახსოვს ბატონი ლევანი წლების განმავლობაში წარმოადგენდა ბიზნესკონსულტანტს და თანამშრომელს ომეგა ჯგუფის“ – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

ის ასევე, განმარტავს, რომ ტრანზაქციამდე ლევან ყიფიანსა და მას შორის სატელეფონო კომუნიკაცია არ შემდგარა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტრანზაქციას წინ არ უძღოდა არანაირი სატელეფონო კომუნიკაცია ჩემსა და ბატონ ლევან ყიფიანს შორის,“ – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

banner
წინა სტატიაშიბარათაშვილის ქუჩაზე შენობიდან მინა ჩამოვარდა
შემდეგი სტატია,,მთავარი არის, როგორ კვლევას დადებს საქართველოს მოსახლეობა 28 ოქტომბერს და მე ამისი იმედი მაქვს, მჯერა”