„საქართველოსთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, სასამართლოში „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრასთან დაკავშირებით მათ მიერ ინიცირებული ცვლილებების განხილვა დაიწყოს

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტს მოუწოდებს, სასამართლოში „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრასთან დაკავშირებით მათ მიერ ინიცირებული ცვლილებების განხილვა დაიწყოს.

“მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების დაბალი ნდობის პირობებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმის გარეშე და საერთაშორისო პარტნიორების სამართლიანი კრიტიკის მიუხედავად, „ოცნება“ აგრძელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს, რაც კიდევ უფრო მეტად ასუსტებს მოქალაქეების ნდობას მართლმსაჯულების მიმართ, აძლიერებს „გავლენის ჯგუფებს“ სასამართლო სისტემაში, აზიანებს ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების პროცესს და უკან გადადგმული ნაბიჯია კანონის უზენაესობის გზაზე.

ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთხელ, ღიად თქვა უარი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე. ამის ნათელი დასტური იყო, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება; მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობების შეუსრულებლობა, რამაც ქვეყანას ევროკავშირის 75 მლნ ევროს დახმარება დააკარგვინა; გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილების ჩაგდება; არჩევნების მეორე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევა გამჭვირვალე პროცესის გარეშე და ა.შ.

ხელისუფლების ეს ნაბიჯები ნათლად მიუთითებს, რომ ოცნება მართლმსაჯულების სისტემაზე გავლენის შესანარჩუნებლად, მზად არის მოქალაქეებს წაართვას უფლება დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოზე, საფრთხე შეუქმნას დემოკრატიას და დააზიანოს ქვეყნის საერთაშირისო რეპუტაცია.

მიგვაჩნია, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, მოსამართლეთა დანიშვნის ნებისმიერი პროცესის გაგრძელებამდე, პირველ რიგში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმა – „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრა, საბჭოში კონცენტრირებული განუსაზღვრელი ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, საბჭოს შემადგენლობის და ფორმირების წესის ცვლილება.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში ჯერ კიდევ თვეების წინ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა: ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში (და თანმდევ კანონებში), რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მიიღება საბჭოს წევრთა ორმაგი 2/3-ით. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში „გავლენის ჯგუფების“ შესუსტება და ძალის ალტერნატიული ცენტრის შექმნა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საქართველოს პარლამენტს, დაიწყონ აღნიშნული ცვლილებების განხილვა. ასევე, დროულად დაიწყონ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის შერჩევის გამჭვირვალე პროცესი.

სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების გზაზე ნებისმიერი დაყოვნება, ძირს უთხრის ამ სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობას, აზიანებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და უკან გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარების გზაზე.”- ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: საახალწლო ნობათების შესყიდვაზე ტენდერს ყველა გამგეობა საერთო სტანდარტით გამოაცხადებს
შემდეგი სტატიაპროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში კიდევ ოთხი შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს