საქართველოში წელს პირველად შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება

წელს საქართველოში პირველად შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან ისაუბრა ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების საკითხზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის განმავლობაში შსს-მ ინფრასტრუქტურაში ძირითადი კაპიტალის ხარჯებში დაახლოებით 96-97 მილიონი დახარჯა – ახალი ტრანსპორტის, დროებითი მოთავსების იზოლატორების, პოლიციელების დაცვის, ინფრასტრუქტურის, ტექნოლოგიური აღჭურვილობის და სხვა მიმართულებებით.

„წელს საქართველოში პირველად შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე მძლავრი და განვითარებული იქნება. ჩვენ უახლოეს პერიოდში ამ შენობას თბილისში, გულუას ქუჩაზე გავხსნით. ეს კრიმინალისტიკური ლაბორტორია შეძლებს, სრულფასოვნად მოემსახუროს შსს-სა და სხვა საგამოძიებო უწყებებს. მაგალითად, დღემდე შსს-ში არ არსებობდა ბალისტიკური შემოწმების ავტომატიზირებული სისტემა, რაც ნიშნავს, რომ როდესაც დანაშაულის ადგილიდან გამომძიებელი ამოიღებდა ან მასრას, ან ტყვიას, მას ტყვიის დაახლოებით 400 000 ეგზემპლარი ხელით უნდა შეედარებინა, ვინაიდან ელექტრონული ბაზა არ არსებობდა. შეიძლება, ეს შედარება დაწყებულიყო დღეს და დამთავრებულიყო ათი წლის შემდეგ. დღეს რასაც ვაკეთებთ, არის ის, რომ ეს პროცედურები დაგვყავს დაახლოებით 1 დღის ფარგლებში. ასევე, შსს-ს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში იქნება დნმ ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად გამოვიძიოთ ის საქმეები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენთვის, ისე თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის“, – აღნიშნა შს მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში„წითელი ბარათი პრეზიდენტს“ – პარლამენტში ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი მოეწყო
შემდეგი სტატია“პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს, ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის ინტერესებში” – გიორგი გახარია