საქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთში სამკურნალოდ წასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩო განმარტავს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პერიოდში სამედიცინო მომსახურების მისაღებად თურქეთში წამსვლელ პაციენტებთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციის თანახმად, სამკურნალოდ წასვლის მსურველებმა ს.ს. „საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს“ (USHAŞ) უნდა მიმართონ. საჭიროა დარეგისტრირება პაციენტების მონიტორინგის სისტემაში ვებვერდზე – http://covid19st.ushas.com.tr. სისტემაში მომხმარებლის ანგარიში თავად პაციენტმა, მისმა ახლობელმა, საავადმყოფომ ან საშუამავლო ორგანიზაციამ უნდა გახსნას. რეგისტრაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოცემულია USHAŞ-ის ვებგვერდზე – http://www.ushas.com.tr. USHAŞ თავად დაუკავშირდება და მიაწვდის საჭირო ინფორმაციას პაციენტებს, რომლებიც თურქეთში სამკურნალოდ დაიშვებიან.

ამასთან, საელჩოს ინფორმაციით, ჩვეულებრივ, თურქეთში სამკურნალოდ წამსვლელმა პაციენტებმა უნდა მიმართონ თურქეთის ყველაზე ახლომდებარე წარმომადგენლობას და აიღონ სამკურნალო-მიზნობრივი ვიზა. „კოვიდ 19“-ის პანდემიის პერიოდში კი, თუ სამედიცინო მომსახურების მიღების მიზნით თურქეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე წარადგენენ USHAŞ-ის მოსაწვევ წერილს, გამონაკლისის სახით, ვიზის გარეშე დაიშვებიან თურქეთის ტერიტორიაზე. ამასთან, ერთ პაციენტთან ერთად დაიშვება არა უმეტეს ორი პირისა.

უცხოელ პაციენტებს და თანმხლებ პირებს თურქეთში ჩასასვლელად შეუძლიათ, ისარგებლონ სტამბოლის აეროპორტით, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტით, სტამბოლის საბიჰა გოქჩენის სახელობის აეროპორტით, ანკარის ესენბოღას აეროპორტით, ანტალიის აეროპორტით, ასევე საავტომობილო გზით, კერძოდ, სარფის, ქაფიქულესჰაბურის სასაზღვრო-გამშვები პუნქტებით. აეროპორტში და საზღვარზე პაციენტებსა და მათ თანმხლებ პირებს გაუკეთდებათ  „კოვიდ 19“-ის ფასიანი „პისიარ“ (PCR) ტესტი ან მოხდება ტესტის მასალის აღება. საელჩო აღნიშნავს, რომ ამ რეგულაციის შესახებ საქართველოს შესაბამის უწყებებს ეცნობათ.

banner
წინა სტატიაშიაჭარაში გამოკვლეულ კიდევ 306 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიავარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციაა მობილიზებული