საქართველოში თურქეთის ელჩმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში თურქეთის საელჩო ავრცელებს.

„ვიზიარებთ ხალხის ტკივილს 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის 32-ე წლისთავის გამო, რა დროსაც საბჭოთა ჯარისკაცებმა სასტიკად მოკლეს, მეგობარი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი, მშვიდობიანი აქციის 21 მონაწილე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისაქართველოში გერმანიის ელჩის მოადგილემ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
შემდეგი სტატიათალაკვაძე – სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა დგას