“საქართველოში სულ უფრო სახიფათო ხდება განსხვავებული აზრის ქონა” – ამის შესახებ Human Rights Watch-ი ვრცელ წერილში წერს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
საერთაშორისო უფლებადაცვითმა ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 4 დეკემბერს გაავრცელა.
ორგანიზაცია წერს, რომ “ქართულმა ოცნებამ” კანონების მთელი რიგი, რომლებიც გაუმართლებლად ლახავს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და გამოიყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად.
Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ საქართველოში კრიტიკულად განწყობილი ადამიანები სადამსჯელო ოპერაციების მიმართ დაუცველები რჩებიან.
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს სრულად გთავაზობთ:
საქართველოს ხელისუფლება სისტემურად არღვევს მექანიზმებს, რამაც მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა დაიცვას“, – განაცხადა Human Rights Watch-ის ევროპის და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორის მოადგილემ, გიორგი გოგიამ, — „ადამიანებს აკავებენ ან ისეთ ჯარიმებს აკისრებენ, გადახდისუნარიანობას რომ სცდება. მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი თავისი ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობენ.“
2024 წლის ნოემბერში, მმართველი პარტიის მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან განდგომის შემდეგ, ქვეყანაში, ეროვნული მასშტაბით იფეთქა პროტესტმა. ხელისუფლებამ პროტესტს პოლიციური ძალადობით უპასუხა. ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, პროტესტთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო ადმინისტრაციული წესით ასობით დაკავება და ათასობით გამოწერილი ჯარიმა აღრიცხეს. ამ ყველაფერმა ერთობლივად შექმნა მტრული და სადამსჯელო გარემო მშვიდობიანი პროტესტისთვის.
2024 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მმართველმა პარტიამ პარლამენტში დაჩქარებული წესით გაატარა რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომლებიც ფაქტობრივად დანაშაულად აცხადებს პროტესტთან დაკავშირებული ისეთი ქმედებების ფართო სპექტრს, რაც მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელების განუყოფელი ნაწილია.
საკანონმდებლო ცვლილებებით ათმაგად გაიზარდა ჯარიმები, 500 ლარიდან 5 000 ლარამდე (დაახლოებით 185 აშშ დოლარიდან 1 850 დოლარამდე), ისეთი ჩვეულებრივი საპროტესტო მოქმედებებისთვის, როგორიცაა შენობების შესასვლელების ბლოკირება, პოლიტიკური შინაარსის გრაფიტის დახატვა, ნიღბის ტარება ან ლაზერის ფლობა. ახლა მოქმედი ჯარიმის სიდიდე დაახლოებით ორჯერ აღემატება საქართველოში საშუალო თვიურ შემოსავალს, რაც 2212 ლარს (დაახლოებით 820 დოლარს) შეადგენს. ეს ჯარიმები თავისი გაქანებით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დონეს უტოლდება, თუმცა, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის კლასიფიცირებული, სამართალდამრღვევი ვერ სარგებლობს სისხლის სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით.
დეკემბერში გატარებული ცვლილებებით, პოლიციას ასევე მიენიჭა სრულიად ბუნდოვანი უფლებამოსილება პრევენციულად ადამიანის დაკავებისა და ჩხრეკისთვის, რაც საშუალებას აძლევს მათ „პრევენციულად“ პატიმრობაში იყოლიონ პირები 48 საათამდე, თუ მათ მანამდე უფიქსირდებათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და კვლავ მიიჩნევენ პოტენციურ სამართალდამრღვევად. ასეთი ფართო და ბუნდოვანი საბაბი ადამიანის დასაკავებლად, ადამიანის უფლებათა სამართლის მიხედვით დაუშვებელია და არღვევს თვითნებური დაკავების აკრძალვას.
2025 წლის თებერვალში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე გაიზარდა. ცვლილება, ფაქტობრივად ექსკლუზიურად, საპროტესტო აქტივობასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებს შეეხო, როგორიცაა „წვრილმანი ხულიგნობა“, „პოლიციის კანონიერი მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა“ ან „შეკრებისა და მანიფესტაციის წესების“ დარღვევა. ასევე შემოიტანეს ახალი სამართალდარღვევები, როგორიცაა თანამდებობის პირის „ვერბალური შეურაცხყოფა“ (ისჯება 45 დღემდე პატიმრობით). დაწესდა ახალი შეზღუდვები — სპონტანური შეკრებები დაუქვემდებარეს შეტყობინების ვალდებულებას, ხოლო დახურულ სივრცეში შეკრებებისთვის აუცილებელი გახდა წინასწარი წერილობითი თანხმობის მიღება.
ივლისში პარლამენტმა კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღო და დანერგა ავტომატური 30–60-დღიანი დაპატიმრება მათთვის, ვისაც გადაუხდელი ჯარიმები აქვს და ამასთან, დაუფიქსირდა თუნდაც უმცირესი დარღვევა შეკრება-მანიფესტაციის წესებიდან.
ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებებით განმეორებითი ისეთი უმნიშვნელო ქმედებები, როგორიცაა ნიღბის ტარება, გზის ბლოკირება, დროებითი ნაგებობების მონტაჟი ან პოლიციის მიერ დაშლილ აქციაში მონაწილეობა, გადაიქცა სისხლისსამართლებრივ დანაშაულად, რაც ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო ორგანიზატორებისთვის — ოთხ წლამდე პატიმრობით.
ამ კანონებმა, ერთობლიობაში, რუტინული საპროტესტო აქტივობა სისხლისსამართლებრივ სანქციებს დაუქვემდებარა და ამდენად, ბუნდოვანი გახადა, რა არის კანონით დაშვებული, რომ ადამიანებმა შესაბამისად დაარეგულირონ თავისი ქმედებები. მკვეთრად გაფართოვდა პოლიციის დისკრეცია, რომ ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ შეკრებებს, რაც არღვევს საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით.
საქართველოს ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები თვითნებური დაკავებებითა და ძალადობრივი ადმინისტრაციული სამართალწარმოებებით მოიყვანა მოქმედებაში. ხშირად ისეთ სანქციებს აკისრებენ მოქალაქეებს, რომლებიც სისხლისსამართლებრივი სასჯელის ტოლფასია. პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავა ნიღბის ტარებისთვის, მანქანის სავალ ნაწილზე დროებით გადასვლისთვის, სატრანსპორტო მოძრაობის ბლოკირების საბაბით.
ადვოკატებთან ინტერვიუები მიუთითებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეფუძნება საკმარის მტკიცებულებებს სამართალდარღვევის შესახებ, ხშირად ეყრდნობა სათვალთვალო კამერების ჩანაწერებს, ასევე, სახის ამოცნობის ტექნოლოგიას აქციის მონაწილეთა იდენტიფიცირებისთვის.
ადვოკატებმა, რომლებიც ათეულობით ასეთ საქმეს აწარმოებენ, Human Rights Watch-ს უთხრეს, რომ სამართალდამცავი პირები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ვიდეოჩანაწერებიდან ამოიცნეს აქციის მონაწილეები, სასამართლოში არასოდეს იკითხებიან, ხოლო მოსამართლეები რეგულარულად უგულებელყოფენ უფრო მაღალი რანგის პროცედურულ გარანტიებს, როდესაც საქმე დაკავებას ეხება.
ახალი კანონების საფუძველზე დაკისრებული ფინანსური სანქციები სადამსჯელო ხასიათისაა და არაპროპორციული. ერთ-ერთ ასეთ საქმეში სასამართლომ 36 წლის მასწავლებელი და განათლების მკვლევარი გოტა ჭანტურია, ჯამში 365 000 ლარით (დაახლოებით 135 200 დოლარით) დააჯარიმა „გზის ბლოკირების“ 73 სავარაუდო შემთხვევისთვის. მისი ადვოკატის თქმით, პოლიციამ წარადგინა მოკლე ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანდა, რომ ჭანტურია პარლამენტთან ახლოს მშვიდობიანად იდგა გზაზე. ჭანტურიას 60 წლის მამასაც დაახლოებით 70 მსგავსი ჯარიმა დაურგოვდა, მათ შორის, ისეთ შემთხვევებზეც, როცა გზა უკვე თავად პოლიციას ჰქონდა გადაკეტილი. ადვოკატის თქმით, არც ერთ საქმეში სასამართლოს არ დაუსაბუთებია ასეთი უკიდურესი სანქციების აუცილებლობა და უბრალოდ გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და დაადასტურა მიერ დაწესებული ჯარიმები პროპორციულობის შეფასების გარეშე.
პროტესტთან დაკავშირებული ათეულობით საქმის წარმოებაში ჩართული ადვოკატები ერთსა და იმავე მოდელს აღწერენ: სანქციების დაკისრება მტკიცებულებების არსებითი შემოწმებისა და ჯარიმების პროპორციულობის შეფასების გარეშე. და ეს მაშინ, როცა ჯარიმები ხშირად მრავალწლიანი შემოსავლის ტოლფასია.
Human Rights Watch ასევე ესაუბრა პროტესტის სხვა მონაწილეებს, რომლებიც განმეორებითად დააკავეს და დიდი ჯარიმებიც დააკისრეს. მაგალითად, 61 წლის ფილოლოგს, რუსუდან კობახიძეს, რომელიც იმყოფებოდა ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ამას გარდა დაკისრებული ჰქონდა სამი 5 000-ლარიანი ჯარიმა სხვა სავარაუდო სამართალდარღვევებზე (დაახლოებით 1 185 დოლარი თითოეული), მაშინ როცა მისი თვიური შემოსავალი ერთი ასეთი ჯარიმის ოდენობასაც კი ვერ აღწევს.
პირდაპირმა დაშინებებმა, თვითნებურმა დაკავებებმა და დაუძლეველმა ჯარიმებმა მშვიდობიან შეკრებეში მონაწილეობა ყოვლისმომცველ შიშის ატმოსფეროში გახვია, — აცხადებს Human Rights Watch.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მხოლოდ მწირ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს, რაც საპროტესტო შეკრებებთან დაკავშირებული სანქციების სრული მასშტაბის დადგენას შეუძლებელს ხდის. მიუხედავად ამისა, არსებული რიცხვებიც საგანგაშოა. 2024 წელსა და 2025 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ხელისუფლებამ 4 444 ადამიანი დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისთვის და 6 725 — პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის. ეს ის ბრალდებებია, რომლებიც ხშირად პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენება. 6 504 შემთხვევაში გამოიყენა პატიმრობა.
როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას მიერთებული ქვეყანა, საქართველო ვალდებულია დაიცვას გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება. ნებისმიერი შეზღუდვა არამარტო უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს და ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი საფუძველი, არამედ უნდა შეესაბამებოდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მოთხოვნებს. ეს გარანტიები მიზნად ისახავს, მათ შორის, იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობდნენ პოლიციური ძალადობის, თვითნებური დაკავებისა და არაპროპორციული სანქციების შიშის გარეშე.
კონვენცია ასევე ავალდებულებს საქართველოს, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო გარანტიები ნებისმიერი სამართალდარღვევის მიმართ, რომელიც არსებითად სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს, თუნდაც ქვეყნის შიგნით სამართალში იგი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად იყოს კლასიფიცირებული. ეს გულისხმობს სამართალდარღვევის ხასიათის შეფასებას, მათ შორის, მიმართულია თუ არა იგი საზოგადოების წინააღმდეგ და შესაძლო სანქციის სიმკაცრესთან შესაბამისობას. ეს სტანდარტი უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს პროცესუალური გარანტიებისთვის გვერდი ავლა სამართალდარღვევების არასწორი კვალიფიკაციით. ეს სტანდარტი უზრუნველყოფს იმასაც, რომ დადგინდეს, როდის ახდენს ხელისუფლება ქცევის კრიმინალიზებას მაშინ, როცა თავად ქცევა ამ მასშტაბის არაა და სინამდვილეში ეს ემსახურება ლეგიტიმური მოქმედებების ჩახშობას.
საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანოები უკვე გაფრთხილებულები არიან, რომ საქართველოში ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები ამ სტანდარტებს მკვეთრად ჩამორჩება. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ დაადგინა, რომ 2024 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებები მნიშვნელოვნად აზიანებს შეკრების თავისუფლებას. აქვე აღნიშნულია, რომ ბუნდოვანი ნორმები და მკაცრი სანქციები „შემაკავებელ ეფექტს“ ქმნის პროტესტში მონაწილეობისთვის. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) 2025 წლის მარტსა და ნოემბერში გამოცემულ საგანგებო შეფასებებში გააკრიტიკა დაკავების ეს გაფართოებული უფლებამოსილებები და არაპროპორციული სანქციები. ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ეს ახალი ზომები შეიძლება გამოყენებულ იქნას მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებისა და სამოქალაქო აქტივისტების დასადუმებლად ან დასასჯელად, მხოლოდ მათი ლეგიტიმური საზოგადოებრივი ჩართულობის გამო.
„უკანასკნელი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების რეაქცია მასობრივ საზოგადოებრივ პროტესტზე იყო კოორდინირებული მცდელობა, ჩაეხშოთ კრიტიკული განწყობები და მოეშორებინათ ადამიანები ქუჩიდან“, — განაცხადა გოგიამ, — „საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა ხელისუფლებაზე უნდა მოახდინონ ზეწოლა და აიძულონ ისინი, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს რეპრესიული კურსი და აღადგინონ სივრცე მშვიდობიანი შეკრებებისთვის.” (“ნეტგაზეთი”)
















