საქართველოში სპეცრეისით 40 ათასი „პისიარ“ და 20 ათასი ანტისხეულების ტესტი ჩამოვიდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პეკინიდან სპეცრეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოში 52 ტონა ტვირთი ჩამოვიდა, მათ შორის 40 ათასი „პისიარ“ ტესტი და ასევე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები – კომბინიზონები, ხელთათმანები და სხვა სამედიცინო ნივთები.

ამავე რეისით ჩამოიტანეს ანტისხეულების 20 ათასი ტესტი, რომელიც საქართველოს ჩინეთის მთავრობამ უსასყიდლოდ გადასცა. მოლაპარაკებებში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს სრულუფლებიანი საელჩო ჩინეთში.

ჩარტერული რეისი ავიაკომპანია „ჯეოსქაიმ” განახორციელა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთიდან ჩამოსული ტესტების გადმოტვირთვის პროცესს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. დაფრინდა ბოინგი, ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი, რომელმაც საქართველოში ჩამოიტანა 52 ტონა ტვირთი და ამ ტვირთში ყველაზე დიდ ნაწილს წარმოადგენს 40 ათასი „პისიარ“ ტესტი, რომელსაც ჩვენ დიდი ხანია, ველოდებით და რაც იწვევს საზოგადოების მღელვარებას. დღეიდან ეს თემაც დარეგულირებული იქნება და მეტი კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით არ იქნება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თვითმფრინავით ჩამოვიდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მხრიდან ნაჩუქარი 20 ათასი ანტისხეულების ტესტი. დანარჩენ ტვირთს კი წარმოადგენს პირადი დაცვის საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი ექიმების უსაფრთხო სამუშაო გარემოს კოვიდინფექციის გავრცელების პერიოდში.

გაწერილია ალგორითმი, ეს ალგორითმი ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება და ემატება სხვადასხვა ჯგუფი. ამ ეტაპისთვის ეს ტესტები ხმარდება მიზნობრივად იმ ჯგუფებს, რაც დღემდე იყო გაწერილი,; ეს გახლავთ სიმპტომიანი პაციენტები, ასევე კარანტინში მოთავსებული პაციენტები და ყველა ის პირი, რომელსაც ჰქონდა კოვიდ დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი. ვაფართოებთ ამ კვირაში ტესტირებას იმ მოწყვლად ჯგუფებზე, რომლებშიც ძალიან მაღალია რისკი და კიდევ დამატებით ვმუშაობთ იმ საკითხზე, თუ ვინ იქნება შემდეგი პრიორიტეტი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში დადებითი ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნებისთვის რეკომენდაციების მკაცრად დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

„ქვეყანაში ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მოვლენები განვითარებულია ძალიან დადებითად. ჩვენ დღეისათვის კარგად ვმართავთ ვირუსის გავრცელებას და შესაბამისად, ის პიკი, რომელიც დაანონსებულია აპრილის ბოლოსთვის, არ დამდგარა, თუმცა ეს ჩვენ არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ ყველა ღონისძიების მკაცრად დაცვა, რათა შემდგომში უკვე არ დადგეს დამატებით სავარაუდო პიკი, რომელიც შეგვიძლია გავთვალოთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან მოწოდებული პროგრამებითა და ინსტრუმენტებით. თუ ჩვენ ყოველივე ამას დავიცავთ და ვმართავთ ინფექციის გავრცელებას, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში პიკი არ დაფიქსირდეს. სხვა შემთხვევაში, რისკები არსებობს,”- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან თბილისში მცხოვრები მოქალაქეები, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მიზნით, ქალაქიდან გასვლას 06:00-08:00 საათამდე, ხოლო ქალაქში დაბრუნებას 18:00-19:00 საათამდე, საშვით შეძლებენ
შემდეგი სტატიამაშველები კახეთში, მდინარე ალაზანში გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ