საქართველოში სომხები და აზერბაიჯანელები ერთად მშვიდობით ცხოვრობენ – ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას, სამშვიდობო მზადყოფნა გამოთქვა. ალიევმა ამის შესახებ თურქული გამოცემა Habertuk-თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. პრეზიდენტმა ალიევმა ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანელებს ყარაბაღში მცხოვრები სომხების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

“ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს ყარაბაღში მცხოვრებ სომხებთან, ყარაბაღში მცხოვრებ სომხებს არაფერი აქვთ სანერვიულო, აზერბაიჯანი მრავალეროვანი სახელმწიფოა,” – თქვა ილჰამ ალიევმა.

ალიევმა თურქულ გამოცემასთან ინტერვიუში სომხებისა და აზერბაიჯანელების მშვიდობიანი თანაცხოვრების მაგალითად, საქართველო მოიყვანა.

“200 ათასი სომეხი და 200 ათასი აზერბაიჯანელი საქართველოში ცხოვრობს, ზოგიერთ ქართულ სოფელში ისინი ერთადაც კი ცხოვრობენ და მათ შორის პრობლემები არ არსებობს”, – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ილჰამ ალიევმა ასევე თქვა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობა მსოფლიოში ოფიციალურად აღიარებულია, რასაც, მისივე თქმით, ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებაც ადასტურებს. ხოლო ნებისმიერ ქვეყანასთან, რომელიც ყარაბაღის დამოუკიდებლობას აღიარებს, აზერბაიჯანი დიპლომატიურ ურთიერთობებს გაწყვეტს.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მშვიდობისთვის მზადაა, თუმცა შეთანხმება ორმხრივი უნდა იყოს.

“მას შემდეგ რაც, სომხეთის არმია ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიას დატოვებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება”, – თქვა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა

ალიევი ასევე ამბობს, რომ აზერბაიჯანელებს აქვთ უფლება თავიანთ კუთვნილ მიწაზე იცხოვრონ.

“ყარაბაღში სომხები მე-19 საუკუნის დასაწყისში რუსეთმა გადაასახლა, რაც აზერბაიჯანელმა ხალხმა იცის, თუმცა, აზერბაიჯანელ ხალხსაც უნდა თავის კუთვნილ მიწაზე ცხოვრება”, – თქვა ილჰამ ალიევმა

banner
წინა სტატიაშიმუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N34 კორპუსთან სკვერის მოწყობა დასრულდა
შემდეგი სტატიაანზორ ბიწაძე: “ხელისუფლებამ მხარდამჭერების მოსაზიდათ პროვოკაცია დაგეგმა ”