საქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში SNGP-ის პროექტის თურქეთის წარმომადგენლის როტაცია განხორციელდა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოსა და NATO-ს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში შეტანილი წვლილისთვის NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის თურქი მრჩეველი, პოლკოვნიკი მეთინ გიუნალი გენერალ კვინიტაძის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

ლელა ჩიქოვანმა სამხედრო მრჩეველს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა თურქეთის რესპუბლიკის წვლილი შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების ძებნის ოპერაციაში.

თურქი პოლკოვნიკის, მეთინ გიუნალის სამშობლოში როტაცია საქართველოში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა. მას თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი დენიზ ბაიათარი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ექვსი თვის განმავლობაში იმუშავებს.

ღონისძიებას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ციხეებში ყველაზე ძვირადღირებული ვალუტა ვერმიშელი გახდა
შემდეგი სტატიაგაერო ერაყის მოსულიდან მილიონი ლტოლვილისთვის ემზადება