პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა კანონპროექტი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. საკითხი მინისტრის მოადგილემ, ირინე წაქაძემ წარადგინა.
ახალი ცვლილების თანახმად, მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით განისაზღვრება სპეციალური დოკუმენტების ნუსხა, რომლითაც მშვილებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მდგრადობა და სტაბილური ოჯახური გარემო დასტურდება.
კანონპროექტით დადგენილი ახალი მიდგომა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას ემსახურება და კონტროლის ორ მთავარ ეტაპს ითვალისწინებს:
-
პირველი ეტაპი: შვილად აყვანის მსურველი პირის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის დროს;
-
მომდევნო ეტაპი: შეთავაზებული ბავშვის შვილად აყვანაზე უშუალოდ თანხმობის გაცხადებისას.
გარდამავალი რეგულაციების სახით, კანონპროექტი ითვალისწინებს სპეციალურ თავისებურებებს იმ პირებისთვისაც, რომლებიც ცვლილების ამოქმედების მომენტისთვის უკვე ირიცხებიან მშვილებელთა რეესტრში. პირველი მოსმენის შემდეგ პროექტში ცვლილებები არ განხორციელებულა.















