საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება

საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეიდან ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ, ესტუმრონ საქართველოს სხვადასხვა მხარეს, კურორტს, ისარგებლონ სასტუმროებისა და კვების ობიექტების მომსახურებით.

ამასთან, ქვეყნის ყველა დაცული ტერიტორია ვიზიტორების მიღებას დღეიდან იწყებს. ტერიტორიებზე შესვლა ნებადართულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების დაცვით. დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა ვიზიტორს, ტერიტორიაზე შესვლამდე, ჩაუტარდება უკონტაქტო თერმოსკრინინგი.

დახურულ შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებში, მათ შორის მღვიმეებში, სავალდებულოა პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. დამთვალიერებლებს ახალციხის ციხესიმაგრეში შესვლა უფასოდ შეეძლებათ. სეზონის ბოლომდე უფასო იქნება შესვლა ბორჯომის პარკშიც. სამი თვის განმავლობაში შემცირებული ტარიფებით მოემსახურება ვიზიტორებს ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალები. მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ დაიშვებიან იძულებით გადაადგილებული პირები, ომის ვეტერანები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე მოქალაქეები. ბილეთების ფასი შემცირდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სხვა 16 მუზეუმისა და მუზეუმ–ნაკრძალის ვიზიტორებისთვისაც.

შიდა ტურიზმის გახსნასთან დაკავშირებით მოსალოდნელ სირთულეებზე საუბრობს ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენელი ნატალია ბახტაძე-ენგელენდერი. მისი თქმით, საქართველოში ყველა ტიპის ობიექტი ერთნაირად მზად არ არის, მიიღოს ტურისტები და დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები.

ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლის ინფორმაციით, რეგიონებში უსაფრთხოება და ჰიგიენა ქვეყანაში ვირუსის გავრცელებამდეც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მისივე განცხადებით, რეკომენდაციების დაცვა განსაკუთრებით საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და საოჯახო მარნებს გაუჭირდებათ.

„იხსნება შიდა ტურიზმი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ყველა ტიპის ობიექტი ერთნაირად მზად არის, მიიღოს უცხოელი ტურისტები და ასევე შიდა ტურისტები. ზოგადად, ამ პერიოდში შეგვიძლია ვთქვათ, განსხვავებულია მიდგომები, რაც აქამდე იყო, რომ იყო უცხოელი ტურისტი და იყო შიდა ტურისტი. ზოგადად უნდა აღვიქვათ, რომ ყველა ტურისტია და ყველა ტურისტისთვის ერთნაირად უნდა ვიყოთ მზად. არის რეგიონები, რომლებიც მეტნაკლებად არიან მზად. არიან ობიექტები, რომლებიც ემზადებიან, მაგრამ ისეთ რეგიონებში, სადაც შესაძლებელი იქნება, რომ იყოს შიდა ტურისტებისთვის ანუ ჩვენი ჯიბისთვის ხელმისაწვდომი, მათ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი. მაგალითად, კარგად გაიაზრონ ის რეკომენდაციები, რომელიც შეიმუშავა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და დაამტკიცა ჯანდაცვის სამინისტრომ, რამდენად შეიძლება მისი რეალობაში გარდაქმნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაიდლაინები, რომელიც არის, შეიძლება, სწრაფად ადაპტირებადი იყოს დიდი სასტუმროებისთვის, მაგრამ საოჯახო მარნებს და საოჯახო სასტუმროებს ძალიან გაუჭირდებათ ამის გაგება.

ჩვენი ორგანიზაცია ატარებდა სხვადასხვა ტიპის კვლევებს რეგიონებში. ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ უსაფრთხოება და ჰიგიენა აქამდეც დიდი პრობლემა იყო საოჯახო ტიპის სასტუმროებში. იმდენად არაპროგნოზირებადი სიტუაციაა საქართველოში და მსოფლიოში, ძალიან რთული იქნება ვთქვათ, რომელი ქვეყნიდან შეიძლება გაკეთდეს მსგავსი ტიპის კორიდორები. ის მოლოდინი, როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ პირველი ივლისიდან იქნება საერთაშორისო ტურიზმი, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ღია იქნება და ნებისმიერს შეუძლია ჩამოსვლა. ეს ნიშნავს, რომ იმ ქვეყნებს, რომლებსაც მეტნაკლებად ერთნაირი ტიპის უსაფრთხოების ღონისძიებები ჰქონდა გატარებული და მწვანე ქვეყნებად არის დასახელებული, იქიდან შეიძლება ჩამოვიდნენ. ჯერ უცნობია, რომელი ქვეყნებიდან შეიძლება ჩამოვიდნენ ტურისტები“,- განაცხადა ნატალია ბახტაძე-ენგლენდერმა.

banner
წინა სტატიაში“ახლა დასრულების დროა” – დიანა ტრაპაიძემ TV პირველი დატოვა
შემდეგი სტატიამუნიციპალური ტრანსპორტის 15 მარშრუტს ავტობუსების გაზრდილი რაოდენობა მოემსახურება