საქართველოში შესაძლოა, ფქვილის სავალდებულო მარკირება დაიწყოს. ამ საკითხზე წისქვილკომბინატების სექტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციებს აწარმოებს.
ინიციატივა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას ეკუთვნის, რომლის მიზანი ბაზარზე ჩრდილოვანი სეგმენტის – ხორბლის არალეგალური გადამუშავების შემცირებაა.
როგორც BMG-ს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუცხადა, საკითხზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია, ახლა სექტორი ფინანსთა სამინისტროს თანხმობას და შესაბამის დადგენილებას ელოდება.
მისი განმარტებით, დღეს ბაზარზე არსებული ვითარება კითხვებს აჩენს, რადგან ადგილობრივი მოსავლის დიდი ნაწილი ოფიციალურ აღრიცხვაში არ ჩანს – მაშინ, როდესაც ქვეყანაში ხორბლის მოსავალი 200 000 ტონამდე იყო დაანონსებული, მსხვილმა წისქვილკომბინატებმა მხოლოდ მცირე ნაწილის ჩაბარება შეძლეს. სექტორი ეჭვობს, რომ დარგში აღრიცხვიანობის არარსებობის გამო, ადგილობრივი მოსავლის დიდი მოცულობები არალეგალურმა წისქვილებმა გადაამუშავეს.
„დანარჩენი ხორბალი ჩაბარებულია სხვა წისქვილკომბინატების მიერ, რომელიც სტატისტიკაში არ ჩანს. მტკიცებით ფორმაში ვერ ვამბობთ, მაგრამ ზოგადად ბაზარზე ვგრძნობთ [აღურიცხავ] მიმართულებებს. ეს მოიტანს იმას, რომ ბაზარი უფრო კონკურენტუნარიანი და გაჯანსაღებული იქნება. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მარკირების შემოღება“, – აცხადებს სილაგავა.
მისივე თქმით, შემოთავაზებული მექანიზმი იმ სისტემის ანალოგიურია, რომელიც საქართველოში 2013-2014 წლებიდან ალკოჰოლურ და არაალკოჰოლურ სასმელებზე მოქმედებს. ფქვილის ყოველი ტომარა მკაცრი აღრიცხვის მარკით აღიჭურვება, რაც პროდუქციის წარმომავლობისა და რაოდენობის კონტროლის საშუალებას მისცემს სახელმწიფოს.
სილაგავას განმარტებით, სისტემა მარტივია: წისქვილკომბინატი ფინანსთა სამინისტროსგან შეისყიდის მარკებს და წარმოების პროცესში, ტომრის ჩაკერვისას, პროდუქციაზე განათავსებს. ტომრის გახსნისას მარკა ფუჭდება, რაც მისი მეორედ გამოყენების შესაძლებლობას გამორიცხავს. ეს მექანიზმი საბოლოო რეალიზაციის წერტილებში – პურის საცხობებისა და მაღაზიებში გაკონტროლდება.
მისივე თქმით, მარკირების ხარჯი იმდენად მინიმალურია, რომ ის საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზე გავლენას ვერ მოახდენს. წისქვილკომბინატების სექტორს უღირს, რომ ჩრდილოვანი/არალეგალური წისქვილების შემცირების მიზნით, ეს ხარჯი საკუთარ თავზე აიღოს.














