საქართველოში შესაძლოა OGP-ის გლობალური სამიტის მონაწილე ქვეყნების პარლამენტების შეხვედრა გაიმართოს

მომავალ წელს საქართველოში შესაძლოა, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის მონაწილე ქვეყნების პარლამენტების შეხვედრა გაიმართოს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა, სამიტის მონაწილე ქვეყნების პარლამენტების შეხვედრასთან დაკავშირებით ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ მომავალ წელს საქართველოში გაიმართოს სამიტის მონაწილე ქვეყნების პარლამენტების წევრების შეხვედრა ზუსტად იმ მიზნით, რომ საქართველომ გაუზიაროს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის კუთხით მიღწევები სხვადასხვა ქვეყნებს. ჩვენ ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანა ვართ. ჩვენ გვაქვს საპარლამენტო სამოქმედო გეგმა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულობის, არის ”ოჯიპის” სურვილი, რომ სხვა ქვეყნებმაც ეს გამოცდილება გაიზიაროს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის შეფასებით, ღია მმართველობის კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა.

თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო სამაგალითო ქვეყანაა გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების კუთხით განხორციელებული რეფორმებით.

„ღია მმართველობის კუთხით საქართველო არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა. ეს კიდევ ერთხელ დაფიქსირდა იმ გლობალურ სამიტზე, რომელიც საფრანგეთში იმართება. ჩვენ ძალიან კარგი მიღწევები გვაქვს როგორც გამჭვირვალობის, ასევე ანგარიშვალდებულობის კუთხით და სასიხარულოა ის, რომ სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს მიმართავენ ამ გამოცდილების გაზიარების მიზნით“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, წინა გლობალური სამიტი გასულ წელს ჩატარდა, შესაბამისად საუბარია ერთი წლის შედეგებზე. 7-9 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) რიგით მეოთხე გლობალურ სამიტში იღებს მონაწილეობას, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში იმართება. ღია მმართველობის პარტნიორობის 70 წევრი ქვეყნის აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები გამჭვირვალობის, სამოქალაქო ჩართულობისა და დემოკრატიული ინოვაციების გამოწვევებზე სემინარებისა და პანელური დისკუსიების ფორმატში მსჯელობენ.

banner
წინა სტატიაშიცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში – აკაკი ზოიძე განმარტბებეს აკეთებს
შემდეგი სტატიამცხეთის ისტორიულ ძეგლებს გაძლიერებული დაცვის სტატუსი მიენიჭათ