საქართველოში საწვავის ფასი ბოლო 1 კვირის განმავლობაში 4 თეთრიდან 10 თეთრამდე შემცირდა.
როგორც ნავთობპროდუქტის იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის შემცირება გრძელდება საერთაშორისო ფასების კლების ტენდენციიდან გამომდინარე.
განცხადების თანახმად, ამ დღეებში მოხდა დიზელის საწვავის (L-62) ფასის შემცირება 5 თეთრით/ლიტრაზე.
„აღნიშნული კატეგორიის საწვავი მთლიანობაში ბოლო 2 თვის განმავლობაში შემცირებულია 20 თეთრით/ლიტრზე. აქვე უნდა ითქვას, რომ ის დაუბრუნდა გასული წლის დეკემბრის თვეში არსებულ ფასს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ L-62 დიზელის საწვავის მსხვილი მომხმარებლები არიან სასოფლო–სამეურნეო, ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე დასაქმებული ტექნიკა, სხვადასხვა გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებები და ზოგადად მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შესაბამისად, ფასების კლება მნიშვნელოვანი შეღავათია ამ სფეროში დასაქმებული ადამიანებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.