საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადა ხვალ იწურება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადა ხვალ, 22 მაისს იწურება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 15 მაისს განცხადა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით პრეზიდენტს აღარ მიმართოს.

„საქართველოს მთავრობამ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ღრმა ანალიზის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება, 22 მაისის შემდგომ პრეზიდენტსა და შესაბამისად პარლამენტს აღარ მიმართოს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების გაგრძელების მიზნით“, – აღნინშა პრემიერმა.

მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობა უქმდება, მაგრამ ეს შეზღუდვების ერთბაშად მოხსნას არ ნიშნავს.

„აქვე ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად მოიხსნება. ეპიდემიოლოგების აზრით, შეზღუდვების ნაწილი აუცილებელად უნდა დარჩეს, რათა შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის მაღალი დონე, რომელიც გვაქვს. ამისთვის მივმართავთ პარლამენტს, რათა დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია და რისკები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამავე საკითხე პრემიერ-მინისტრმა კომენტარი 19 მაისსაც გააკეთა და აღნიშნა – „ჩვენ შეზღუდვები გვჭირდება, მაგრამ ამავე დროს, არ გვჭირდება საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი. ამიტომ მივმართეთ პარლამენტს, რომ ეს შეზღუდვები იყოს გონივრული, ეფექტიანი და კონკრეტულ მიზნებზე მიმართული”.

ამასთან, პარლამენტში უკვე განიხილება კანონპროექტი, რომლითაც შესაძლებელი ხდება, გარკვეული შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც ამოქმედდეს.

banner
წინა სტატიაშიპირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა