საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა კანონმდებლობით განისაზღვრება

region
: region თებერვალი 4, 2019 13:53

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა კანონმდებლობით განისაზღვრება

საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა კანონმდებლობით განისაზღვრება. ლიმიტის ოდენობა „საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ კანონპროექტშია გაწერილი.

მომზადებული ცვლილებებით, სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული დაზარალებულის ჯანმრთელობისთვის, ქმედობაუნარიანობისთვის ან სიცოცხლისთვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა – 30 000 ლარი იქნება, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი – 300 000 ლარი.

კანონპროექტით სადაზღვევო ლიმიტი ერთი დაზარალებულისთვის შემდეგი ოდენობით განისაზღვრება: ჯანმრთელობის დაზიანების გამო, სამედიცინო მომსახურების გაწევისთვის გასაცემი სადაზღვევო ან აზღაურების მაქსიმალური ოდენობა – 15 000 ლარი იქნება, ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის ან გარდაცვალების გამო გასაცემი სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა – 30 000 ლარი.

ინიციატივით განსაზღვრულია ასევე სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის. კერძოდ, ცვლილებებით, სავალდებულო დაზღვევის პოლისის მოქმედების პერიოდში თითოეული სადაზღვევო შემთხვევის დროს ერთი დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებული ზიანისთვის სადაზღვევო ლიმიტის ოდენობა – 25 000 ლარი იქნება, ხოლო თითოეული სადაზღვევო შემთხვევისთვის სადაზღვევო ანაზღაურების ჯამური ლიმიტი – 50 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

კანონმდებლობის დონეზე განმარტებულია, თუ რას ითვალისწინებს დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებული ზიანი. ესენია: დაზარალებულის ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანება ან განადგურება; გზის საფარის, გზის კონსტრუქციული ელემენტის, შენობის ან ნაგებობის დაზიანება ან განადგურება; დაზარალებულის ქონების დაზიანება ან განადგურება.

პროექტში ნათქვამია, რომ თუ დაზიანებული ქონების შეკეთების ან აღდგენის რეალური ღირებულება ამ ქონების საბაზრო ღირებულების 70 პროცენტია, ან 70%-ზე მეტია, შემთხვევა ქონების სრულ განადგურებად (დაღუპვად) განიხილება. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ზიანის ოდენობაზე ვერ შეთანხმდებიან, თითოეულ მათგანს უფლება ექნება, ზიანის ოდენობის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტიზას მიმართოს. დამოუკიდებელი ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება კი, დაინტერესებულ მხარეს ეკისრება. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყდება.

აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. ამოქმედება კი, 2019 წლის პირველი ივლისიდან არის გათვალისწინებული.

ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან მძღოლის გადაადგილება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე სანქციებს გამოიწვევს.

ცვლილებების ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

region
: region თებერვალი 4, 2019 13:53

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics