საქართველოში ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შექმნა იგეგმება

საქართველოში ფინანსური სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის შექმნა იგეგმება, რომელიც პასუხისმგებელი ფინანსური კრიზისისა და კრიზისული სიტუაციების მართვის მექანიზმების შემუშავებაზე იქნება.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ფინანსთა სამინისტრომ მოამზადეს, რომლის ინიცირება 10 ივნისის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტით განისაზღვრება, რომ კომიტეტის შემადგენლობაში შედიან – ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსები, თუმცა კომიტეტის გადაწყვეტილებით, შემადგენლობაში შესაძლოა, სხვა სახელმწიფო/ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლებიც შევიდნენ.

კანონპროექტით დაკონკრეტებულია, რომ კომიტეტს თავმჯდომარეობს და წარმოადგენს ფინანსთა მინისტრი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი.

რაც შეეხება კომიტეტის საქმიანობას, კომიტეტი სხდომას მართავს მინიმუმ, წელიწადში ერთხელ ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, კომიტეტის სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს ეროვნული ბანკი. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ეროვნული ბანკი ვალდებული იქნება: კომიტეტს ფინანსური სტაბილურობის, პოტენციურ საფრთხეებსა და რისკებზე აცნობოს და მის ხელთ არსებული საჭირო ინფორმაცია მიაწოდოს; ასევე, კომიტეტს ადრეულად აცნობოს კომერციული ბანკის რეზოლუციის, დროებითი სახელმწიფო დაფინანსების ან ეროვნული ბანკის სპეციალური დაფინანსების საჭიროების თაობაზე.

თავის მხრივ, კომიტეტის წევრებმა კომიტეტს უნდა მიაწოდონ ყველა საჭირო ინფორმაცია (კონფიდენციალური ინფორმაციის ჩათვლით), მათ შორის, იდენტიფიცირებული რისკების შესახებ, რაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს კომიტეტის ფუნქციონირებისათვის.

ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კომიტეტის საქმიანობა რეგულირდება მისი დებულებით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით, კომიტეტის ყველა წევრის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. კომიტეტის საქმიანობის ანგარიში ეროვნული ბანკის წლიურ ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდება.

ავტორი – თეონა მანაგაძე

banner
წინა სტატიაშიდაიწყო ანაკლიის პორტის დასამარების ბოლო ეტაპი-რომან გოცირიძე
შემდეგი სტატია“არ მივცემთ რუსეთს უფლებას, განსაზღვროს ჩვენი მომავალი” – მამუკა ბახტაძე