საქართველოში ნატოს ნებისმიერი წვრთნების ჩატარება პროვოკაციაა – ცხინვალი

საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი სამხედრო წვრთნები არის პროვოკაცია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკური სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქართულ-თურქულ-აზერბაიჯანული სამხედრო წვრთნების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში ჩატარდება. ინფორმაციას „სპუტნიკი“ ავრცელებს.

წვრთნები “Eternity-2022” 17-დან 28 ოქტომბრამდე უნდა ჩატარდეს. ცხინვალის დე ფაქტო უწყება ამას რეგიონში სიტუაციის სახიფათო განვითარებას უწოდებს.

„აგრესორი ქვეყნის, საქართველოს მონაწილეობით ნებისმიერი წვრთნების ჩატარება სამხრეთ ოსეთში დიდ შეშფოთებას იწვევს და მას განიხილავენ როგორც პროვოკაციულ ნაბიჯს, რომელიც სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად“, – აცხადებენ ცხინვალში.

უწყებაში, ასევე, ამბობენ, რომ ნატოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა და წვრთნების მასშტაბი საქართველოში წლიდან წლამდე იზრდება, რაც რეგიონულ უსაფრთხოებას ხელს არ უწყობს.

ცხინვალში, ასევე, ამახვილებენ ყურადღებას ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაზე, რომელმაც საქართველოს მხარდაჭერის გაძლიერების პირობა დადო, მათ შორის საუბარია ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებაზე.

ცხინვალში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე სიტუაციის ესკალაციის დაუშვებლობაზე განცხადება გააკეთა და რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდა, სამხრეთ ოსეთში არ აქვთ ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო სამხრეთ ოსეთის საკითხის ძალისმიერი გზით გადაჭრას არ შეეცდება.

banner
წინა სტატიაშიახლა შეთანხმებული მოქმედებების დროა, რათა ის შესაძლებლობები, რომლებიც საქართველოსთვის გაიხსნა, არ იქნას ხელიდან გაშვებული – ჰარცელი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველო მიესალმება ნატოში შვედეთის გაწევრიანების განაცხადს