საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოში მიმდინარე პროცესები რუსეთის მიერ დემოკრატიის ინსტრუმენტების გამოყენებით განხორციელებული ფართო სტრატეგიის ნაწილია. ამის შესახებ მან ბრიუსელში, ფორუმზე „დემოკრატიის ფარი“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი საქართველოში დემოკრატიულ ინსტრუმენტებს – მედიას, სოციალურ ქსელებსა და არჩევნებს იყენებს ქვეყნის შიგნიდან დასაშლელად.
მისი შეფასებით, ეს საფრთხე არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და ის პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის უსაფრთხოებასა და დემოკრატიული სივრცის დაცვას.
ფაქტია, რომ ვერ დავინახეთ ის, რაც რეალურად ვითარდებოდა. თავიდანვე ვერ შევნიშნეთ ზოგიერთი ნიშანი, რაც ავტოკრატიულ ტენდენციებად ჩანდა, რაც შეიძლება ნებისმიერ ხელისუფლებას მიაწერო, რომელსაც ხელისუფლებაში დარჩენა სურს იმაზე უფრო დიდხანს, ვიდრე საზოგადოებას ეს სურს. და, შემდეგ მოულოდნელად ხედავ, რომ ყველაფერი სრულად ემთხვევა იმ გზავნილებს, რომლებიც რუსეთიდან ვრცელდებოდა სხვადასხვა ქვეყანაში. ამ დროს ხვდები, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი ავტოკრატები არ არიან, რომლებიც ფულისა თუ პრივილეგიების გამო ცდილობენ ხელისუფლების შენარჩუნებას – ეს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია.
და, სწორედ აქ იყო, ჩემი აზრით, ის ეტაპი, რომელიც ევროკავშირმა უფრო გვიან ან დროულად ვერ დაინახა. როდესაც შენ ქვეყანას კანდიდატის სტატუსს ანიჭებ, შენ უფრო დიდ პასუხისმგებლობასაც იღებ. და ვერ დაუშვებ, რომ რუსეთმა ჩაიგდოს ხელში სახელმწიფო, რომელიც შენ თვითონ დააბრუნე ევროპული კავშირის ფართო ოჯახში,
რადგან თუ სახელმწიფოს ხელში ჩაგდება წარმატებით დასრულდება და რუსეთის ახალი სტრატეგია გაამართლებს – ანუ დემოკრატიის გამოყენება დემოკრატიების დასანგრევად შესაძლებელია არჩევნების, სოციალური ქსელების, მედიის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების მათი მიზნებისთვის გამოყენებით, ეს ძალიან სერიოზული საფრთხეა. და თუ ისინი ამას აკეთებენ იქ, სადაც ეს შედარებით მარტივია – პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ამის მოგერიება აქ ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე, მაგალითად, უკრაინაში ამის წინააღმდეგ ბრძოლა იქნებოდა, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფორუმზე ასევე რუსული ჰიბდირული ომის საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ ომის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის მხრიდან გაცილებით მეტ კოორდინაციას, ფინანსურ რესურსებსა და სპეციალიზებულ სტრუქტურებს მოითხოვს, რადგან ეს ევროპისთვის მომავალი მთავარი საფრთხეა.
მისი თქმით, ტექნოლოგიურ პლატფორმებზე მიმდინარე ახალი ტიპის ომი უკვე რეალობაა, რომელმაც საქართველოშიც მოიკიდა ფეხი, რაც ოპოზიციური არხების და თავისუფალი მედიაპლატფორმების ფაქტობრივ გაქრობაშიც აისახა.
ჰიბრიდულ ომის წინააღმდეგ მუშაობას სჭირდება ევროკავშირის მხრიდან უფრო მეტი კოორდინაცია, სააგენტო, საჭიროა ფინანსური რესურსების გამოყოფა, რადგან ეს არის თქვენი მომდევნო ომი – ეს არ არის სამხედრო ომი, ის ტანკებით არ მოდის.
ჩვენ, ფაქტობრივად, აღარ გვაქვს ძლიერი ოპოზიციური არხები ან თავისუფალი მედია პლატფორმები და მათ ყველას სერიოზული სირთულეები აქვთ.
რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, ერთ დღეს ირანული მოდელის მსგავსად, ყველაფრის სრულად ჩაკეტვაც მოხდეს, თუმცა, სანამ ეს არ მომხდარა, სანამ საზოგადოება ცოცხალია, ყოველთვის რჩება შანსი, რაღაც ახალი გამოიცადოს.
ეს მომდევნო ომი არის ომი, რომელსაც სჭირდება ფინანსები, პროფესიონალები და ტექნოლოგიები. ეს არის ომის სრულიად ახალი განზომილება, რომელიც უნდა იყოს აღიარებული. ეს ახალი ომი, რომელიც ტექნოლოგიურ არხებზე მიმდინარეობს, წარმოადგენს ომის ახალ ტიპს, ახალ რეალობას. კარგი, ეს ცოტა შემაშფოთებლად ჟღერს, მაგრამ სიმართლეა, – განაცხადა ზურაბიშვილმა.















