საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა- ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც გუშინ აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ტიკარაძის თქმით, ქართველი მესაზღვრეები ეკიპირებულები იყვნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, მათაც საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

„მინდა დავამშვიდო საქართველოს მოქალაქეები, ჩვენ არა გვაქვს პანიკის რიკსი, ვინაიდან ჩვენი მთავრობა ყველაფერს ახორციელებს და მივმართავთ ყველა ზომას, რომ საქართველოში არ გვქონდეს კორონავირუსის ეპიდემია”- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრთან შევხედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ირანში მიმოსვლა 2 კვირით შეიზღუდება, როგორც ირანის, ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა არ იგეგმება, ვინაიდან არ არსებობს არანაირი ეპიდემიის საფრთხე.

მანამდე ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა კლინიკაში მოთავსებულ 14 პაციენტზე განცხადება გააკეთა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, სანერვიულო არაფერია, რადგან პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მან ასევე კორონავირუსის ტესტების პასუხების დაგვიანების მიზეზები განმარტა.

ჯანმომ დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიშოთა შალელაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირების გამო საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა