,,საქართველოში ყველას გაეხარდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, მაგრამ ამის გამოხატვა დაკავშირებულია რისკებთან”

საქართველოში ყველას გაეხარდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, მაგრამ ამის გამოხატვა დაკავშირებულია რისკებთან, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა კახა გოგოლაშვილმა უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, ჩვენს მთავრობას არჩეული აქვს მიდგომა, რუსეთის პროვოცირება არ მოახდინოს.

„არ ვიცი ზუსტად რას გულისხმობდა არჩილ თალაკვაძე, რადგან საკითხი ეხება ავტოკეფალიის ცნობას ან არცნობას. ამაზე როგორი დისკუსია შეიძლება გაიმართოს უკრაინის მთავრობასთან, არ ვიცი. რა თქმა უნდა, უკრაინის მთავრობა იქნება მომხრე საქართველოს ხელისუფლებამ მიულოცოს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის აღდგენა. როგორც ჩანს, ამ განცხადებით მას უნდოდა ეთქვა, რომ მთავრობის საქმე არ არის ჩაერიოს ეკლესიის საკითხებში და ავტოკეფალიის აღიარება ან არაღიარება დაუტოვა ეკლესიას.

სიფრთხილე შეიძლება გამოწვეული იყოს აფხაზეთის ეკლესიის საკითხით. ეშინიათ რუსეთმა არ აღიაროს აფხაზეთის ეკლესიის სუვერენიტეტი და არ მისცეს ლეგიტიმაცია აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის გამოყოფას საქართველოს ეკლესიის იურისდიქციიდან. პირველ რიგში, ალბათ, ეს საკითხი აწუხებთ. მეორე რიგში, რუსეთის გაღიზიანებას ერიდება. გრძნობენ, რომ მთლიანად ქვეყანა არ არის საკმარისად დაცული რუსეთის აგრესიისგან“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

მისივე თქმით, ეს პოლიტიკა შეიძლება აღმოჩნდეს სწორი, შეიძლება – არა.

„გასაგებია, რომ საქართველოში ყველას გაეხარდა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება, მაგრამ ამის გამოხატვა დაკავშირებულია რისკებთან. ძნელია იმის თქმა, რა შედეგებს გამოიწვევს ეს გრძელვადიანად. ჩვენს მთავრობას არჩეული აქვს მიდგომა, რუსეთის პროვოცირება არ მოახდინოს. გარდა ამისა, რუსეთი ხშირად გვახსენებს იმას, რომ ცხინვალის რეგიონში არა გვაქვს დაცვის საშუალება და გადმოაქვთ საზღვრები როგორც მოესურვებათ. არც ღია დაპირისპირებამ და არც ფრთხილმა ნაბიჯებმა აქამდე შედეგი არ გამოიღო და რუსეთი იგივე პოლიტიკას აგრძელებს“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კითხვაზე, რატომ არ ეხმაურება საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას, ასე უპასუხა: „დარწმუნებული ვარ, ამ საკითხზე ეკლესიას ექნება საუბარი და დისკუსია უკრაინის ეკლესიასთან, ხოლო ხელისუფლებას ექნება საუბარი და დისკუსია ხელისუფლებასთან”

banner
წინა სტატიაშიე.წ. ღორის გრიპის ვირუსით 10 თვის ბავშვი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – მცხეთის ჯვრის მონასტერი დროებით დაიკეტა და მიზეზი გარემოვაჭრეების ფაქტორია