საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოში კანადის ახალდანიშნულმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ანკარა), ჯამალ ქოქარმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, ვახტანგ მახარობლიშვილს.

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კანადელ დიპლომატს საქართველოში ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.

რწმუნებათა სიგელების ასლების გადაცემის შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს არქტიკის, ევრაზიისა და ევროპულ საქმეთა დირექტორატის გენერალური დირექტორი, დევიდ სპრული.

შეხვედრა მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. ხაზი გაესვა საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში ბოლო დროს გამართული მაღალი დონის შეხვედრებისა და პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობას, რომლებმაც ახალი დინამიკა შესძინეს ორმხრივ ურთიერთობებს.

ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად, მხარეებმა ასევე განიხილეს მრავალმხრივ ფორმატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები.

განსაკუთრებით აღინიშნა კანადის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, მათ შორის, უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, მცოცავი ანექსიის, უკანონო ბორდერიზაციისა და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებზე. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და დეოკუპაციის საქმეში.

განხილულ იქნა საქართველოსა და კანადას შორის მიმდინარე მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებაზე, რუსეთის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული კიბერ-შეტევების გათვალისწინებით.

საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტულ საკითხებს. ხაზი გაესვა ამ კუთხით ძალისხმევის გააქტიურების მნიშვნელობას არსებული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით. მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს „უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმებაზე“ გამართული მოლაპარაკებების სამივე რაუნდი და იმედი გამოთქვეს, რომ შეთანხმების დადება სავაჭრო ურთიერთობების წახალისების კარგი შესაძლებლობას შექმნის.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ აქტიური მუშაობა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე.

banner
წინა სტატიაშიშოთა შალელაშვილი: დაპირებების შეუსრულებლობით “ქართული ოცნება” ვეღარავის აკვირვებს, მაგრამ ეს შემთხვევა მაინც განსაკუთრებულია
შემდეგი სტატიაირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიისთვის სინჯებს დღეს აუღებენ