საქართველოში ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის რუვენ რივლინისა და პირველი ლედის ნეჩამა რივლინის ორდღიანი, ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის მიერ საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და რუვენ რივლინმა საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი.

ნეჩამა რივლინს საქართველოს პრეზიდენტის პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლა.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ცერემონიის დასრულებისთანავე ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგება.

შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იგეგმება რუვენ რივლინის შეხვედრა პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

banner
წინა სტატიაში„ბავშვი არ გიჯერებთ“ – „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სხდომა გადაიდო
შემდეგი სტატიასაქართველოს და ისრაელის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდნენ